ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული სახელმწიფო აქტივებიდან მიღებული შემოსავლების სახით კიდევ 1.4 მილიარდ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული თანხა რუსეთის ცენტრალური ბანკის დაბლოკილი აქტივებიდან დაგროვილი მოგების მეხუთე ტრანშია, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად გადაირიცხება.

ინფორმაციის თანახმად, ახალი გადარიცხვა 2026 წლის პირველ ნახევარში დაგროვილ შემოსავლებს მოიცავს. მანამდე, ანალოგიური ფინანსური დახმარების წინა ტრანში უკრაინამ მიმდინარე წლის მარტში მიიღო.

არსებული მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე გაყინულმა რუსულმა აქტივებმა დღემდე ჯამში 8 მილიარდი ევროს ოდენობის მოგება მოიტანა, რომლის ნაწილი ეტაპობრივად უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოიყენება.