სამხრეთ ნორვეგიაში ბუნებრივი წყალსაცავების წყლის მარაგმა ამინდის პირობების გამო ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ NRK ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამხრეთ ნორვეგიაში ბუნებრივი წყალსაცავების შევსების დონე 53%-ზე ოდნავ მეტით შემცირდა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

წყლის მარაგის ასეთ დონეზე შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წლევანდელი გვალვიანი ზაფხულია. წყალსაცავების შევსების დონეზეა დამოკიდებული ჰიდროელექტროსადგურების მუშაობაც, რომლებიც ნორვეგიაში ელექტროენერგიის წარმოების ძირითადი წყაროა.

ნორვეგიის ენერგეტიკის მინისტრი ამ ეტაპზე წყალსაცავებთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს და უარყოფს ვარაუდს, რომლის მიხედვითაც, ზამთარში ქვეყანას, შესაძლოა, ელექტროენერგიის დეფიციტი შეექმნას.

ცნობისთვის, დუნაის წყლის დონის კლების გამო რუმინეთი და უნგრეთი თავიანთი ატომური ელექტროსადგურების სრულად გაჩერებისა და შესაბამისი ელექტროენერგიის გამომუშავების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

პირველი არხი