სამოგზაურო eSIM-ების პროვაიდერმა Holafly-მ მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევა 200 ქალაქს მოიცავს და ტურისტებისთვის მიმზიდველ გარემოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით აფასებს.

ანგარიშის ავტორების განმარტებით, სტუმართმოყვარეობა მხოლოდ ადგილობრივების დამოკიდებულებით არ განისაზღვრება. შეფასებაში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა უსაფრთხოება, ვიზების მიღების ხელმისაწვდომობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, საინფორმაციო სერვისების რაოდენობა, ინგლისური ენის ცოდნის გავრცელება და უცხოელი ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.

კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 100 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება და 100 უმსხვილესი ქალაქი. შედეგების მიხედვით, მსოფლიოს 20 ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქიდან ცხრა ევროპაში მდებარეობს.

რეიტინგის პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, ხოლო მეორე პოზიციაზე ლონდონია. სამეულს ავსტრალიის ქალაქი სიდნეი ასრულებს.

ევროპაში ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ ლონდონმა მიიღო. საუკეთესო ოცეულში ასევე მოხვდნენ ედინბურგი, კოპენჰაგენი, ორჰუსი, პრაღა, ბრნო, უტრეხტი და ამსტერდამი. კანადა რეიტინგში სამი ქალაქითაა წარმოდგენილი — ოტავა, ტორონტო და მონრეალი.

კვლევის მიხედვით, სინგაპურის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს უსაფრთხოების მაღალი დონე და უცხოელი ვიზიტორებისთვის ხელსაყრელი პირობები. ლონდონის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად კი ტურისტული საინფორმაციო და დახმარების ცენტრების ფართო ქსელი სახელდება.

ცალკეულ კატეგორიებში ლიდერები იაპონურმა ქალაქებმა დაიკავეს. ტურისტებისთვის ყველაზე განვითარებული საინფორმაციო და მხარდაჭერის სერვისებით ტოკიო გამოირჩევა, ხოლო ყველაზე უსაფრთხო ქალაქად საპორო დასახელდა.

Holafly-ის მიხედვით, 2026 წლის მსოფლიოს 20 ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქია:

  • სინგაპური

  • ლონდონი (გაერთიანებული სამეფო)

  • სიდნეი (ავსტრალია)

  • ნიუ-იორკი (აშშ)

  • ბოსტონი (აშშ)

  • პენანგის კუნძული (მალაიზია)

  • ჰააგა (ნიდერლანდები)

  • ჰონგ-კონგი

  • კოპენჰაგენი (დანია)

  • ორჰუსი (დანია)

  • ედინბურგი (გაერთიანებული სამეფო)

  • უტრეხტი (ნიდერლანდები)

  • დავაო (ფილიპინები)

  • ოტავა (კანადა)

  • მელბურნი (ავსტრალია)

  • პრაღა (ჩეხეთი)

  • ამსტერდამი (ნიდერლანდები)

  • ტორონტო (კანადა)

  • მონრეალი (კანადა)

  • ბრნო (ჩეხეთი)