უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს, ოლგა სტეფანიშინას ბრალი წარუდგინეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოლგა სტეფანიშინას ბრალი უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ წარუდგინეს.

უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ყოფილი ელჩისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მოსმენა დახურულ რეჟიმში დაიწყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბრალდება უკანონო გამდიდრებას უკავშირდება.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, 2023 წელს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 2.52 მილიონი გრივნის მითვისებასთან დაკავშირებით ე.წ. „ლუკაშის საქმის“ განხილვა დანიშნა. ბრალდებულებს შორის ოლგა სტეფანიშინაც ფიგურირებდა, კერძოდ, საქმე ეხებოდა იუსტიციის სამინისტროში ყოფილი მინისტრის, ელენა ლუკაშის დროს მის მუშაობას. გამოძიების თანახმად, საქმე სახელმწიფო სახსრების მითვისებას უკავშირდება. აღნიშნულ საქმეზე პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

ამასთან, „უკრაინსკაია პრავდამ“ 2025 წელს, საკუთარი გამოძიების შემდეგ, ინფორმაცია გაავრცელა, რომ სტეფანიშინას ყოფილი ქმარი უკრაინის აქტივების მოძიებისა და მართვის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ბოროტად გამოყენების შემთხვევებში ფიგურირებდა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ოთხი ძვირადღირებული აქტივი მიიღო.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან 3 აგვისტოს გაათავისუფლა.

ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ელჩის თანამდებობიდან წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.

ipn.ge