აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იძულებითი შრომის გამო ინდოეთისთვის, ევროკავშირისთვის და კანადისთვის ტარიფების დაწესებას განიხილავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ინდოეთი და ევროკავშირი მსოფლიოს იმ 60 ეკონომიკას შორის არიან, რომლებმაც იძულებითი შრომით წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა ვერ შეძლეს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა იძულებით შრომასთან დაკავშირებით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური ტარიფები გააუქმა.

აშშ ინდოეთიდან იმპორტზე დამატებით 12.5%-იანი ტარიფების, ხოლო კანადიდან, ეკვადორიდან, ევროკავშირიდან, ინდონეზიიდან, მექსიკიდან და პაკისტანიდან 10%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს.

„ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების წარუმატებლობა, რომ იძულებითი შრომით წარმოებული პროდუქციის იმპორტის საკითხი ვერ მოაგვარეს, მიუღებელია. ეს გლობალურ დონეზე ამერიკელი მუშაკებისთვის არათანაბარ პირობებს ქმნის“, - განაცხადა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა.

წყარო: ipn.ge