აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დრონებისა და მათი კომპონენტების იმპორტზე ტარიფებს დააწესებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ქვეყანა „ძალიან არის დამოკიდებული“ დრონების უცხოურ წყაროებზე.

თეთრი სახლის ცნობით, ტრამპის მიერ ხელმოწერილი პროკლამაცია აწესებს 100%-იან ad valorem ტარიფს (ღირებულების მიხედვით დაწესებულ გადასახადს) გარკვეული ზომის ან გარკვეული შესაძლებლობების მქონე დრონებზე, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებით მგრძნობიარე კატეგორიას მიეკუთვნება. ამასთან, უფრო მცირე ზომის დრონებზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება.

თეთრი სახლის ცნობით, ევროკავშირიდან, იაპონიიდან, ლიხტენშტეინიდან, სამხრეთ კორეადან, შვეიცარიასა და ტაივანიდან იმპორტირებულ დრონებსა და მათ კომპონენტებზე 15%-იანი ტარიფი დაწესდება, გაერთიანებული სამეფოდან იმპორტირებულ დრონებზე კი - 10%-იანი. ტრამპის განმარტებით, ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა გამოიკვლია დრონების იმპორტის შედეგები.

„მინისტრმა დაადგინა, რომ უცხოელი მწარმოებლების მიერ წარმოებული უპილოტო საჰაერო სისტემების იმპორტის წილი მნიშვნელოვნად მაღალია და რომ შეერთებული შტატები ზედმეტად არის დამოკიდებული უპილოტო საჰაერო სისტემებისა და მათი კომპონენტების უცხოურ წყაროებზე,“ - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ლუტნიკმა დაადგინა, რომ გარკვეული უცხოური სუბიექტების მიერ წარმოებული დრონები და დრონების კომპონენტები უსაფრთხოებისა და დაცულობის თვალსაზრისით საფრთხეს წარმოადგენს და რომ აშშ-ის ადგილობრივი ინდუსტრია უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარის პროდუქციას არ აწარმოებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ტარიფები 21 დღეში ამოქმედდება. დრონების კომპონენტებისთვის კი, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე არ არის, ტარიფები ხელმოწერიდან 180 დღის შემდეგ ამოქმედდება.

ipn.ge