"დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში ჩვენ ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებმაც იციან, რა არის დემოკრატია, ვაჭრობა, ოჯახური ღირებულებები; ჩვენ უკვე ვიპოვეთ ასეთი მეგობარი საქართველოს სახით", - ამის შესახებ ნიუ-იორკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მარკ ჯეიფმა განაცხადა.
მარკ ჯეიფი ფიქრობს, რომ სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის და მშვიდობის დამყარებისთვის წარმატებული წელი იქნება.
"თავისთავად ცხადია, რომ დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში ჩვენ ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებმაც იციან, რა არის დემოკრატია, ვაჭრობა, ოჯახური ღირებულებები. ჩვენ უკვე ვიპოვეთ ასეთი მეგობარი საქართველოს სახით, ასევე კარგი მეგობრები თურქეთ-ამერიკის პალატიდან და აზერბაიჯანიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ოთხივე ვაცხადებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ბიზნესის ერთად კეთება და ჩვენ არ გვჭირდება ომები. 2025 წლის დასაწყისში აშშ-ს უკვე ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, მნიშვნელოვანი არჩევნები ახლოვდება ნიუ-იორკში. ახლა ჩვენ გაეროს ოფისის მოპირდაპირე მხარეს ვიმყოფებით. ყველა ჩვენი ოფისი ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული. ასე რომ, ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული და პროდუქტიული წელი იქნება იმისთვის, რომ ვაკეთოთ მეტი ბიზნესი, დავამყაროთ მშვიდობა და განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები. სწორედ ეს არის ამ საღამოს ჩვენი აქ შეკრების მიზანიც", - განაცხადა ნიუ იორკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.
ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით, გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. გენერალური საკონსულო მსგავსი შეხვედრების გამართვას სისტემატიურად გეგმავს. შეხვედრებზე მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, სხვადასხვა ბიზნეს იდეები და მოსაზრებები გაცვალონ.
წყარო: რუსთავი 2