ჩინეთის კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელმა და შესაბამისმა უწყებებმა ავტომწარმოებლებს დაავალეს, შიდა აუდიტის ფარგლებში ნებისმიერი დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ წარადგინონ ავტომობილების გაწვევის გეგმები.
მოთხოვნა ჩინეთის მასშტაბური წლიური პროგრამის ნაწილია, რომლის მიზანიც მსოფლიოს უმსხვილეს ავტობაზარზე ავტომობილების ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
უწყებების ერთობლივი განცხადების თანახმად, ავტომწარმოებლებმა უნდა შეამოწმონ პროდუქციის საიმედოობა, მძღოლის დამხმარე სისტემები (ADAS) და კიბერუსაფრთხოება. შემოწმების საბოლოო ანგარიშები კომპანიებმა ხელისუფლებას 2026 წლის ბოლომდე უნდა წარუდგინონ.
ახალი რეგულაცია ქვეყანაში ავტომობილების რეკორდულ გაწვევას მოჰყვა — 21 აგვისტოს Tesla-მ და რვა ჩინურმა ავტომწარმოებელმა კარის ავარიული გახსნის მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების გამო 4.3 მილიონი ავტომობილის გაწვევა გამოაცხადეს.
ექსპერტების შეფასებით, ახალი ზომები ავტომობილების სექტორზე სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელოვან გამკაცრებაზე მიუთითებს. ხანგრძლივი ფასების ომის შემდეგ ჩინური ავტოინდუსტრია რესურსებს ბაზრის წილის შენარჩუნებიდან პროდუქციის ხარისხისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართავს.