დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS) ლონდონის 100-ზე მეტ საოპერაციოში ხელოვნურ ინტელექტს (AI) დანერგავს. The Telegraph-ის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა სამედიცინო სექტორში ტექნოლოგიის დანერგვის ყველაზე მასშტაბური საპილოტე პროექტი იქნება.
ხელოვნური ინტელექტი სპეციალური კამერების მეშვეობით თვალყურს ადევნებს საოპერაციოებში მიმდინარე პროცესებს და ეხმარება პერსონალს შეფერხებების, დროში აცდენებისა და იმ ხარვეზების გამოვლენაში, რაც საავადმყოფოებს საოპერაციო ბლოკების სრული დატვირთვით გამოყენებაში ხელს უშლის.
NHS-ის მონაცემებით, სისტემას შეუძლია პროცედურის ხანგრძლივობა 6 კვირით ადრე იწინასწარმეტყველოს, გამოავლინოს აუთვისებელი ან გადატვირთული განრიგი და შესთავაზოს ოპტიმალური ცვლილებები. გარდა ამისა, სისტემა პერსონალს აფრთხილებს, შეიყვანონ შემდეგი პაციენტი საოპერაციოს დასუფთავებისა და მომზადებისთანავე.
დეველოპერების ინფორმაციით, ორ NHS-ის ტრასტში ჩატარებულმა წინასწარმა ტესტირებამ ჩატარებული ოპერაციების რაოდენობის 8.2%-იანი ზრდა აჩვენა, რაც თითო საოპერაციოზე თვეში საშუალოდ 7 დამატებით პროცედურას ნიშნავს. 13 საოპერაციოს მქონე ჰოსპიტლის მასშტაბით ეს წლიურად დაახლოებით 1,000 დამატებით ოპერაციას უთანაბრდება.
„ჩვენ ტექნოლოგიური რევოლუციის ზღვარზე ვართ. უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, რათა დავეხმაროთ NHS-ს პაციენტთა მოვლის პროცესების გარდაქმნაში, ხოლო ადგილობრივ საავადმყოფოებს - პროდუქტიულობის ამაღლებაში“, - განუცხადა The Telegraph-ს NHS England-ის თავმჯდომარემ, დოქტორმა პენი დაშმა.
ტექნოლოგია ბრიტანულმა კომპანია Proximie-მ შეიმუშავა. პროექტის ფარგლებში cloud-ინფრასტრუქტურას Amazon Web Services (AWS) უზრუნველყოფს, ხოლო საკონსულტაციო გიგანტი Deloitte საავადმყოფოებს მიღებული მონაცემების ყოველდღიურ მართვაში ინტეგრირებაში დაეხმარება.
პაციენტთა პერსონალური მონაცემების დასაცავად, სისტემა ვიზუალურ მასალას უშუალოდ საოპერაციოშივე გარდაქმნის: გამოსახულებაზე სახეები იბურება, რის შემდეგაც AI მხოლოდ ანონიმიზებულ მონაცემებს (აღჭურვილობა, პერსონალის მოძრაობა და ოპერაციის ეტაპები) ამუშავებს.
დღეისათვის ინგლისში NHS-ის მოლოდინის სია 7 მილიონ პაციენტს აჭარბებს. ჯანდაცვის სექტორის ლიდერები ვარაუდობენ, რომ AI ტექნოლოგიების დანერგვით შესაძლებელი გახდება არსებული რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და პაციენტთა ნაკადის მომსახურება დამატებითი ფინანსური თუ ინფრასტრუქტურული დანახარჯების გარეშე.