მაისში შვედეთში ინფლაციამ 9.7% შეადგინა. მართალია მაჩვენებელი 6 თვის განმავლობაში ორნიშნა რიცხვს პირველად ჩამოსცდა, მაგრამ მაინც იმაზე დიდია, ვიდრე ექსპერტები ვარაუდობდნენ.
Danske Bank-ის ეკონომისტების პოზიციით, ინფლაციაზე გავლენა ამერიკელი მომღერლის ბიონსეს კონცერტებმა მოახდინა. მაისში ბიონსემ მსოფლიო ტურნე სწორედ სტოკჰოლმიდან დაიწყო, სადაც მისი თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ. ამან სასტუმროებსა და რესტორნებში ფასების ზრდა განაპირობა.
ბიონსემ შვედეთში 2 კონცერტი გამართა - 10 და 11 მაისს. სტოკჰოლმში მდებარე Friends Arena, სადაც მომღერალი გამოდიოდა, 46000 ადამიანზეა გათვლილი და ორივე შოუს ბილეთები სრულად გაიყიდა.
14 ივნისს, შვედეთის სტატისტიკის სამსახურმა, მომღერლის ხსენების გარეშე, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სურსათისა და ენერგიის ჯგუფში ფასები კვლავ მცირდება, „საქონლისა და მომსახურების ფართო სპექტრის“ ღირებულება, მათ შორის სასტუმროებსა და რესტორნებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ეკონომისტები აღნიშნავენ რომ ერთი მოვლენის ინფლაციაზე ასეთი მკვეთრი გავლენა უპრეცედენტოა. ზოგიერთი ექსპერტი უახლოეს პერიოდში ინფლაციის შემცირებას ვარაუდობს, თუმცა ივნისში შვედეთში დაგეგმილი ბრიუს სპრინგსტინის სამდღიანი კონცერტი შეშფოთების მიზეზს კვლავ ტოვებს.