4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლას ბელგიელების 1%-მაც კი არ დაუჭირა მხარი. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Securex-ის კვლევის მონაცემებში არის ნათქვამი, რასაც „ევროპულსი“ ავრცელებს.
გასული წლის ნოემბრიდან ბელგიელებს შეუძლიათ, სამუშაო საათები ისე გადაანაწილონ, რომ კვირის განმავლობაში ოფისებში ხუთის ნაცვლად ოთხჯერ გამოცხადდნენ. ამასთან, მათ ხელფასები და მასთან დაკავშირებული შეღავათები უნარჩუნდებათ.
თუმცა, კვლევის მიხედვით, ამ შეთავაზებით დასაქმებულთა მხოლოდ 0,73%-მა ისარგებლა. ოფისის ბევრმა თანამშრომელმა უარის მიზეზად სქემაში უპირატესობების ნაკლებობა და კოლეგების წინაშე პასუხისმგებლობა დაასახელა.
4-დღიანი სამუშაო რეჟიმის არჩევის შემოღებამდე ბელგიაში მოლოდინი სრულიად განსხვავებული იყო. კერძოდ, გენტის უნივერსიტეტის მიერ მანამდე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საათების რაოდენობის შენარჩუნებით სამუშაო კვირის შემცირებას ბელგიელთა, დაახლოებით, 40% ემხრობოდა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნები და ქალაქები სულ უფრო აქტიურად იკვლევენ, თუ როგორ მოქმედებს შემცირებული სამუშაო კვირა ისეთ ასპექტებზე, როგორიც არის მოსახლეობის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, გარემო და ეკონომიკა, კერძოდ, ვაჭრობა, სასტუმრო ბიზნესი და დასვენების სფეროები.
მაგალითად, ესპანეთის ქალაქ ვალენსიის მერიამ 4-დღიანი სამუშაო კვირის შემოღების მიზნით 10 აპრილიდან ექსპერიმენტი დაიწყო. ვალენსია პირველი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც 32-საათიანი სამუშაო კვირის ერთთვიან საპილოტე პროექტს ტესტავს. ექსპერიმენტი 7 მაისამდე გაგრძელდება, რომლის დროსაც ყველა ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება, ხოლო შედეგები, სავარაუდოდ, ივლისში გასაჯაროვდება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის გარდა, ეს ტრენდი პოსტსაბჭოთა სივრცეშიც გაჩნდა. კერძოდ, ცენტრალური აზიის ქვეყანა, ყაზახეთი ოთხდღიან სამუშაო კვირაზე მიმდინარე წლის ივლისიდან გადადის. კერძოდ, ახალი კანონის შესაბამისად, ივლისიდან ცვლილებები შევა ქვეყნის შრომის კოდექსში და გაჩნდება ოთხდღიანი სამუშაო კვირის ცნება, ხოლო ზოგიერთ ინდუსტრიაში სავალდებულო ხდება ხუთდღიანი და ოთხდღიანი რეჟიმის ერთდროული გამოყენება და სხვადასხვა კვირებზე გადანაწილება.
bpn.ge