რაჭაში, ამბროლაურში მდებარე სასტუმრო "მეტეხარას" დამფუძნებლის, ლელა ბერაძის შეფასებით, ტურისტული ობიექტი ზაფხულის სეზონზე 90%-იანი დატვირთვით მუშაობდა.
სასტუმროს დამფუძნებელი ზოგადად რაჭის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურა განვითარებულია, თუმცა რაჭას სახელმწიფოს მხრიდან მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციის გაწევა სჭირდება.
"რაჭის მიმართ ინტერესი იზრდება. ზოგად ჭრილში რომ გესაუბროთ, ინფრასტრუქტურული პრობლემები არ გვაქვს, გზა გაკეთებულია, არც სანიშნე ნიშნულების პრობლემა შეინიშნება. სასტუმროების, კოტეჯების, კვების ობიექტების რაოდენობაც გაზრდილია. მოკლედ, რაჭას უფრო მეტი სტუმრის მიღება შეუძლია. გამოწვევებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რეგიონს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციის გაწევა სჭირდება. სწორი მარკეტინგული ჩართულობა და უცხოელების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. მეტი რეკლამა გვჭირდება, როდესაც ტურისტულ სააგენტოებს ვესაუბრები რაჭით დაინტერესებულები არიან, მაგრამ ტურისტებისთვის ჩვენი მხარე უცხოა. ვიზიტორებს ბათუმში, კახეთში, სვანეთში წასვლა ურჩევნიათ.
რეგიონში ძირითადად პოსტს საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოდიან, რომლებიც ჩვენს შესახებ ინფორმაციას ფლობენ. ზამთარში ძალიან გვიჭირს, არც ადგილობრივი ვიზიტორი გვყავს და არც უცხოელი ტურისტი, ამიტომ კარგი იქნება, თუ სათხილამურო ტრასა გაკეთდება. პროექტი გეგმაშია და იმედია, მალე დასრულდება.
აზიელი სტუმრები, ზოგადად რაჭას და ჩვენს ტურისტულ ობიექტს ნაკლებად ჰყავს, მცირე რაოდენობით გვსტუმრობენ, მაგრამ საკმარისი არ არის. ასევე საუდის არაბეთიდან ვიზიტორები არ შეინიშნება. ჩემი აზრით, რაჭის შესახებ აღნიშნულ სეგმენტს ინფორმაცია არ აქვს. ადრე ჩინელები ვიზიტორები გვყავდა ღვინო აინტერესებდათ, წლების წინ ასევე დუბაიდან გვყავდნენ სტუმრები", - აღნიშნავს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.