რაჭაში, ამბროლაურში მდებარე სასტუმრო "მეტეხარას" დამფუძნებლის, ლელა ბერაძის შეფასებით, ტურისტული ობიექტი ზაფხულის სეზონზე 90%-იანი დატვირთვით მუშაობდა. 

როგორც სასტუმროს წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ამჟამად, მოცემულობა შეიცვალა, ვიზიტორების ნაკადმა იკლო და 30%-იანი დატვირთვა აქვთ.

ლელა ბერაძის ინფორმაციით, სასტუმროს ამ პერიოდში ძირითადად კორპორაციული ჯავშნები აქვს, რასაც წელიწადში დაახლოებით, 15%-იანი წილი უჭირავს.

"ზაფხულის სეზონი ძალიან პოზიტიური იყო. აღნიშნული თვეების განმავლობაში, თითქმის 90%-იანი დატვირთულობით ვმუშაობდით, ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე ფაქტობრივად სრული დატვირთვა გვქონდა. ვიზიტორების 80%-ი ადგილობრივი მოსახლეობა გახლდათ, დანარჩენი კი უცხოელ სტუმრებზე  გადანაწილდა. უცხოეთიდან ვიზიტორები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, პოლონელები გვყავდა.  ამჟამად, სტუმრების რაოდენობა შემცირდა და 30%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ, ამ პერიოდში უფრო მივლინების ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებიდან გვსტუმრობენ. ზოგადად, კორპორაციულ შეკვეთებს წელიწადში 15%-ი უჭირავს, ვფიქრობ, რაჭის განვითარებასთან ერთად აღნიშნული მაჩვენებელიც გაიზრდება. ახლა ასევე ხშირად უცხოელები გვსტუმრობენ და ჩვენთან 1-2 დღით რჩებიან", - აცხადებს ლელა ბერაძე.