ახალი კომპანიის მომავლის განსაზღვრისთვის საწყისი ინვესტიციის მოცულობა ხშირად გადამწყვეტ ფაქტორად განიხილება, თუმცა ბიზნესინდუსტრიის ისტორია აჩვენებს, რომ სტარტაპის წარმატებას მხოლოდ საწყისი კაპიტალი არ განსაზღვრავს. მეტიც, ზოგიერთმა ყველაზე გავლენიანმა კომპანიამ ერთ დროს შეზღუდული ფინანსური რესურსით დაიწყო და, ინვესტიციის ნაცვლად, ბიზნესის განვითარების გეგმა ინოვაციურ ხედვაზე, გამძლეობასა და სწრაფად ცვალებად ბაზრებზე ადაპტირების უნარზე ააგო. ეს ისტორიები გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია მოკრძალებული სახსრების სტრატეგიულ გამოყენებას ზრდის წახალისება, იდეების მასშტაბირებად ოპერაციებად გარდაქმნა და საბოლოოდ, ისეთი კომპანიების აშენება, რომლებიც ინდუსტრიებს თავდაყირა აყენებენ.

Apple - $1 350
ინფლაციის გათვალისწინებით: $6 450

მაგალითად, ტექნოლოგიური ინდუსტრიის რევოლუციას მხოლოდ $1 350 დოლარი და სტივ ჯობსის ბრწყინვალე გონება დასჭირდა. 1975 წელს ჯობსმა და მისმა მეგობარმა, სტივ უოზნიაკმა, Apple-ს ოპერაციები ჯობსის მშობლების ავტოფარეხიდან დაიწყეს. სწორედ ამ ავტოფარეხში მარტივი მიკროკომპიუტერის დიზაინი შეიქმნა, რომლის ასაწყობადაც ფინანსები ახალგაზრდა სტარტაპერებმა პირადი ნივთების გაყიდვით მოიზიდეს. Apple-ის პირველი კომპიუტერის წარმატებამ კომპანია მეორე თაობის, ამჯერად ფერადი გრაფიკის მქონე ინოვაციური პერსონალური კომპიუტერის აწყობამდე მიიყვანა, რითაც ახლად შექმნილმა კომპანიამ სრულად თავდაყირა დააყენა ტექნოლოგიური ინდუსტრია და უკვდავყო ორი გამომგონებლის სახელი. Apple, რომელიც, ინფლაციის გათვალისწინებით $6 450 დოლარიანი ინვესტიციით დაიწყო, დღეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა და ტრილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული.

Wrigley - $32
ინფლაციის გათვალისწინებით: $850

კიდევ უფრო ადრე, 1891 წელს, $32 დოლარით დაიწყო საღეჭი რეზინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის ისტორია, როცა 29 წლის ბიზნესმენი, უილიამ ვრიგლი უმცროსი საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა და სხვადასხვა წვრილმანის გაყიდვით ირჩენდა თავს. ხოლო როცა მუდმივ კლიენტებში ვრიგლიმ საღეჭი რეზინის პოპულარობა შეამჩნია, თავისი ბიზნესის ფოკუსიც სწორედ ამ მიმართულებით გადაიტანა. ორი წლის შემდეგ ბაზარზე საღეჭი რეზინის კომპანია Wrigley და მისი პირველი ბრენდი - Juicy Fruit გამოჩნდა. 1908 წლისთვის მხოლოდ საღეჭი რეზინის გაყიდვით, კომპანია წლიურად $1 მილიონ დოლარს აგენერირებდა.

ეს წამოწყება 2025 წელს $850 დოლარი დაჯდებოდა. დღეს კი Wrigley ტკბილეულის მწარმოებელ უმსხვილეს კორპორაციად ჩამოყალიბდა და ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიც Snickers, Skittles და Orbit-ია.

Domino’s Pizza - $900
ინფლაციის გათვალისწინებით: $7 800

1960 წელს ტომ მონაჰანმა ძმასთან ერთად პიცერია “DomiNick’s”-ის გასახსნელად 900 დოლარი ისესხა. მაშინ, როცა ჯეიმს მონაჰანი ბიზნესის კეთებით დაიღალა, საქმეს ჩამოშორდა და რესტორანში თავისი წილი Volkswagen-ში გაცვალა, ტომი ბიზნესის ერთადერთი მეწილე გახდა და მას Domino’s Pizza უწოდა. „დომინოს“-ის სათავეში მყოფმა ტომმა პიცერიების ქსელის წარმატების რეცეპტი შექმნა. მან გაამარტივა მენიუ, დააწესა ინგრედიენტების მკაცრი სტანდარტები, შეზღუდა კერძების ზომები და ტოპინგები და 30-წუთიანი მიტანის სერვისი შემოიღო. 1985 წლისთვის „დომინოს პიცა“ შეერთებულ შტატებში ყველაზე სწრაფად მზარდი რესტორნების ქსელი იყო. კომპანია 1998 წელს $1 მილიარდად გაიყიდა. დღეს კი ის 16 500-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს. ინფლაციის გათვალისწინებით, “დომინოს” საწყისი ინვესტიცია $7 800 იქნებოდა.

Subway - $1 000
ინფლაციის გათვალისწინებით: $8 160

სწრაფი კვების კიდევ ერთი გლობალური ქსელი 1000 დოლარიანი ინვესტიციით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის ფრანკ დელუკამ სენდვიჩების გაკეთებასა და გაყიდვაზე არაფერი იცოდა, იმაში დარწმუნებული იყო, რომ სკოლის დასრულების შემდეგ სწორედ სენდვიჩების მაღაზიის გახსნა სურდა. 1965 წელს დელუკას ოჯახის მეგობარმა, ექიმმა პიტერ ბაკმა $1000 ასესხა - ასე გაჩნდა Pete’s Super Submarine - “პიტის სუპერ წყალქვეშა ნავი” - რომელიც მოგვიანებით Subway-დ იქცა. მხოლოდ პირველ დღეს დელუკამ 312 სენდვიჩი გაყიდა, რომელთა ღირებულებაც 49-დან 69 ცენტამდე მერყეობდა. დამფუძნებელი კომპანიის პრეზიდენტად გარდაცვლებამდე, 2015 წლამდე მსახურობდა. ამ პერიოდში დღევანდელი 8 160 დოლარით დაწყებული ბიზნესი სწრაფი კვების ყველაზე დიდ ქსელად იქცა, რომელიც დღეს გლობალურად 45 ათასამდე ფილიალს აერთიანებს.

Nike - $1 200
ინფლაციის გათვალისწინებით: $9 950

იმავე დროს, როცა Subway-ის საძირკველი იყრებოდა, ბაზარზე სპორტული სამოსის ახალი ბრენდი - Blue Ribbon Sports გამოჩნდა. ორეგონის უნივერსიტეტის მძლეოსნობის მწვრთნელმა ბილ ბაუერმენმა და მისმა ყოფილმა სტუდენტმა ფილ ნაითმა კომპანია 1964 წელს, $1 200 დოლარიანი ინვესტიციით შექმნეს.

მაშინ ნაითი ცდილობდა, თავისი ბიზნესისთვის - იაპონიიდან სპორტული ფეხსაცმლის იმპორტისთვის - დაფინანსება მოეპოვებინა. ერთ-ერთ შეხვედრაზე სტუდენტმა ყოფილ მწვრთნელს Onitsuka Tiger-ები აჩვენა ფეხსაცმელი, რომელიც ბაუერმენს იმდენად მოეწონა, რომ სტუდენტს პარტნიორობაზე დასთანხმდა. რამდენიმე წელიწადში კომპანია იაპონელ მომწოდებლებს ჩამოშორდა და რებრენდინგი განახორციელა. 1971 წელს დაიბადა Nike, რომელსაც ბერძნული მითოლოგიიდან გამარჯვების ქალღმერთის სახელი ეწოდა. ბაურმენმა შექმნა ფეხსაცმლის ახალი დიზაინი, რომელიც ბაზარზე ინოვაციური იყო და ათლეტთა ყოველდღიურობა გაამარტივა, ბრენდს კი ცნობადობა და $126 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაცია მოუტანა. ინფლაციის გათვალისწინებით, Nike-ის ისტორია 9 950 დოლარით დაიწყო და დაადასტურა, რომ მიზნისადმი ერთგულებას წარმატების მოტანა ექვსნიშნა ინვესტიციის გარეშეც შეუძლია.

bm.ge