ყოველ ჯერზე, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით, როცა საქმე ეხება სიმართლისა და ჭეშმარიტების დადგენას სასამართლო ინსტანციებში, ყველგან ჩვენს სახელმწიფოს, ხელისუფლებას ეკავა ძალიან პრინციპული პოზიცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რუსეთისთვის საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ, ხელისუფლების პრინციპული პოზიციის დამსახურებაა ყველა მოგებული საქმე როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოებში.

“ჩვენ მოვიგეთ ყველა საქმე სტრასბურგის სასამართლოში და ასევე მოვიგეთ საქმე ჰააგის სასამართლოში, სწორედ, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული დამოკიდებულების შედეგად,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს.

“ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა. მადლობა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს. არაფერ შუაში არ არის ომის დაწყების საკითხთან ეს ყველაფერი, თავისი დანაშაული აქვს რუსეთის ფედერაციას და სწორედ ამაზე აიგო ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. როდესაც მათ ჰქონდათ საპასუხო ინტერვენცია, იქ დაირღვა კონკრეტული უფლებები და სწორედ ამ უფლებების დარღვევას ეხება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ,”- განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს