საქართველოში ყოველი მეხუთე ვიზიტორი რუსეთიდან არის. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს. კერძოდ, წელს სამი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6.1 მლნ შეადგინა, აქედან 1 245 744 ვიზიტი რუსეთიდან იყო.

აღნიშნული მაჩვენებლით, რუსეთი ვიზიტების რაოდენობით პირველ ადგილზეა, რომელზეც მთლიანი ვიზიტების 20,4% მოდის.

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში, გასული წლის სამ კვარტალთან შედარებით, რუსეთიდან ვიზიტები 12.1%-ით არის გაზრდილი. შარშან იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან 1 111 004 ვიზიტი განხორციელდა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოში 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია, საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 6.1 მილიონს.

ამასთან, საერთაშორისო მოგზაური - 2024 წელთან შედარებით გაიზარდა 5.4%-ით, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა კი - 7.9%-ით.

წელს საანგარიშო პერიოდში, ვიზიტების რაოდენობით რუსეთის შემდეგ მოდის თურქეთი - 963 633 ვიზიტით და სომხეთი - 720 114 ვიზიტით.

bpn.ge