აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, BRICS-ის წევრი ქვეყნების ნაწილი ასოციაციიდან გასვლას აპირებს — როგორც ტრამპი ამბობს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ამერიკული ტარიფების შიშია. განცხადება გაკეთდა არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისთან შეხვედრისას.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონმა ყველა იმ ქვეყანას გააფრთხილა, რომელიც BRICS-ში გაწევრიანებას გეგმავს, რომ ასეთი ნაბიჯი აშშ-ის სავაჭრო ტარიფების დაწესებას გამოიწვევს. „ყველამ უკან დაიხია,“ — აღნიშნა ტრამპმა, — „და ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა.“

თუმცა, ამერიკელმა ლიდერმა არ დააზუსტა, რომელი ქვეყნები იგულისხმა. ფაქტობრივად, BRICS-ის ფორმირების შემდეგ არც ერთი სახელმწიფო ორგანიზაციიდან არ გასულა. ტრამპმა BRICS-ის შექმნა „დოლარზე შეტევად“ შეაფასა და კვლავ გააფრთხილა ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანებას განიხილავენ, რომ მათზე სავაჭრო ტარიფები დაწესდება.

სწორედ ამ ფონზე, სექტემბერში გამართულ ონლაინ-სამიტზე BRICS-ის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვაჭრობა სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლისა და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტად, რაც გლობალურ განვითარებასა და საერთაშორისო სტაბილურობას ემუქრება.

BRICS 2006 წელს შეიქმნა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიერ, 2011 წელს კი მას სამხრეთ აფრიკა შეუერთდა. 2024 წლიდან ბლოკმა გაფართოება დაიწყო — 2025 წლის 1 იანვრიდან ოფიციალური პარტნიორები გახდნენ ბელარუსი, ბოლივია, ყაზახეთი, ტაილანდი, კუბა, უგანდა, მალაიზია და უზბეკეთი. წელს ორგანიზაციას ინდონეზიაც შეუერთდა, ხოლო BRICS-ის მორიგე თავმჯდომარე ბრაზილია გახდა.