ბალკანეთის რეგიონში უამინდობას ებრძვიან. დიდთოვლობამ სერიოზული შეფერხებები გამოიწვია საავტომობილო მოძრაობაში, დაიხურა ავტომაგისტრალები და შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ათიათასობით აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა,ზოგიერთ ქალაქსა და სოფელთან მისვლა შეუძლებელი გახდა.

სტიქიის გამო ბოსნიის, სერბეთისა და ხორვატიის ხელისუფლებამ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალა.

უამინდობაა ასევე ხორვატიაში, სლოვენიაში, სერბეთში, კოსოვოში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაშიც.

ტურისტებს ურჩევენ ბალკანეთში მოგზაურობისას სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგანაც თოვლის ნამქერმა ძირითად მარშრუტების დახურვა გამოიწვია. ოფიციალურმა პირებმა ასევე მოუწოდეს მოქალაქეებს დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, როდესაც ეს შესაძლებელია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოსნიაში 150 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რადგან ქარმა და თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, შეფერხებულია წყლის მიწოდებაც.

1tv.ge