ქალაქ შირვანში აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს ქარხანაში აფეთქება მოხდა.
საწარმოში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი დაზიანებებით შირვანის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის, იაშარ ისაკოვის განცხადებით, აფეთქება ორშაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:00 საათზე შპს „შირვან არაზის ქარხანაში“ მოხდა.
აფეთქებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
შემთხვევის ადგილს შირვანის საქალაქო პროკურატურის თანამშრომლები და კრიმინალისტები იკვლევენ.
„შირვან არაზის ქარხანა“ ექსპლუატაციაში 1980 წელს შევიდა. 2006 წლიდან ის აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს შემადგენლობაშია.
საწარმოს ძირითადი საქმიანობა: სპეციალური დანიშნულების პროდუქციის შექმნა, გაუმჯობესება და წარმოება; საკომუნიკაციო აღჭურვილობა; საერთო მოხმარების საქონელი.