ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა.
გარიგება ტარიფების შემცირებასთან ერთად ნახევარგამტარების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასაც გულისხმობს.
ჩიპების მწარმოებელი ტაივანური გიგანტი, TSMC აშშ-ში მდებარე ქარხანას მნიშვნელოვნად გააფართოებს, ამ მრავალმილიარდიანი ინვესტიციის სანაცვლოდ მის მიერ წარმოებულ ნახევარგამტარებზე დაწესებული ტარიფები თითქმის სრულად განულდება. აშშ-ში ყველა სხვა ტაივანურ ტექნოლოგიურ კომპანიას 15%-დან 20%-მდე ტარიფები აქვს დაწესებული. იმპორტზე დაწესებული გადასახადის გაუქმება შეეხება ფარმაცევტულ ინდუსტრიასაც. ტარიფები განულდება საავიაციო კომპონენტებზეც. სანაცვლოდ, ტაივანური კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯამურად, $500 მილიარდის ინვესტიციებს განახორციელებენ.
შეგახსენებთ, ოფიციალური პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და უარყოფითად რეაგირებს ოფიციალურ ტაიპეისთან აშშ-ის ნებისმიერ ისეთ კომუნიკაციაზე, რომელიც ჩინეთის გავლით არ ხდება. ამიტომაც ანალიტიკოსების აზრით, ტაივანთან პირდაპირი სავაჭრო შეთანხმების დადებით აშშ ჩინეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებს სერიოზულ რისკს შეუქმნის და საპასუხო რეაგირებას გამოიწვევს.
ცნობისთვის, აპრილის თვეში ჩინეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტია ჩანიშნული.
ანალიტიკოსები აშში-ში ინვესტიციების კლების რისკზე საუბრობენ და ამ კონტექსტში ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის განხილვაზე. არსებობს ალბათობა, რომ მოსამართლეებმა ტარიფები არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ. თუ დადგინდება, რომ დაწესებული ტარიფები კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, სავარაუდოდ, აღარც ის ინვესტიციები განხორციელდება, რომლებიც ახალი სავაჭრო შეთანხმებების ფარგლებში დაანონსდა.