იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის მიწოდებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება „ძალიან სარისკო არჩევანია“.

მისივე თქმით, შეთანხმება ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის მცდელობებს ეწინააღმდეგება.

„ამ გადაწყვეტილების შედეგი გაურკვეველია, რისკები კი აშკარაა. ეს მოსკოვს ლეგიტიმაციას ანიჭებს, რადგან მისი ბომბები უკრაინის ქალაქებში ცვივა, ომის დასაფინანსებლად ახალ შემოსავალს გამოიმუშავებს და ირიბად ასუსტებს სანქციების ეფექტურობას“, – განაცხადა მელონიმ იტალიის პარლამენტში.

ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანამ უნდა დანიშნოს „ავტორიტეტული ფიგურა“ ევროპის სახელით რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებების წარმართვისთვის.

ამასთან, მან არ გამორიცხა E3 ჯგუფისთვის (გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) ფორმალური მანდატის მიცემა.

„თუ საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ, უკეთესად გააკეთონ საქმეები დამოუკიდებლად, ვიდრე ჩვენ ყველას ერთად, და ჯერჯერობით ეს არის მათ მიერ გაკეთებული არჩევანი, მაშინ, ყოველ შემთხვევაში, დაე, მივცეთ საშუალება, გააკეთონ ეს ყველას სახელით და ოფიციალური მანდატით“, – განაცხადა მელონიმ.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

პირველი არხი