აშშ-ის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების დეპარტამენტის მდივანმა, რობერტ კენედიმ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინების ხელშეკრულება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია „ვაქსარტთან“ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო გაფორმებული.
აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ხელშეკრულების 90 დღით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილება იმ დროს გამოცხადდა, როდესაც „ვაქსარტი“ ახალი ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც კლინიკური ცდები უნდა დაწყებულიყო. განვითარებისთვის დაახლოებით 460 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო, ხოლო ვაქცინასთან დაკავშირებული წინასწარი გამოკვლევისთვის – 240 მილიონი დოლარი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც შექმნის Make America Healthy Again კომისიას, რომელსაც ხელმძღვანელობს რობერტ კენედი, რათა გამოიკვლიოს „ამერიკის ჯანმრთელობის დაცვის კრიზისის ესკალაციის ძირეული მიზეზები“.
კომისია თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს გამოძიებაზე ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებით, მაგალითად, აუტიზმზე.