ამერიკული სამუშაო ბაზრის მთავარი კონტრიბუტორი კომპანია - Amazon ნახევარ მილიონზე მეტი თანამშრომლის ჩანაცვლებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NYtimes ავრცელებს.
The New York Times-ის ინფორმაციით, Amazon-ის ხელმძღვანელობა ავტომატიზაციის პროექტზე წლებია მუშაობს, რომლის მიხედვითაც, „ჭკვიანმა“ სისტემებმა და რობოტებმა რამდენიმე წელიწადში საწყობებსა და ლოგისტიკაში დასაქმებული ადამიანები სრულად უნდა ჩაანაცვლონ.
კომპანიის შიდა პროგნოზის მონაცემებით, Amazon-ს 2027 წლამდე შეეძლება დაახლოებით 160,000 თანამშრომლის ჩანაცვლება, რაც თითოეულ შეკვეთაზე საშუალოდ 30 ცენტის დაზოგვას ნიშნავს.
ამჟამად Amazon-ის ამერიკული სამუშაო ძალა თითქმის 1.2 მილიონ ადამიანს ითვლის, რაც 2018 წლიდან დასაქმებულთა გასამმაგებას ნიშნავს.
მენეჯმენტი გეგმავს, რომ 2033 წლისთვის გაყიდვების გაორმაგების შემთხვევაშიც კი კომპანიის ამერიკული შტატები არ გაიზრდება, პირიქით, 600 000 პოზიცია თანამედროვე რობოტებით ჩანაცვლდება.
კომპანია აქტიურად მუშაობს საწყობების სრულად ავტომატიზებულ მოდელზე, სადაც ადამიანთა ჩარევა მინიმალურია. დოკუმენტების თანახმად, Amazon-ის რობოტიკის გუნდს მიზნად აქვს დასახული ოპერაციების 75%-ის ავტომატიზაცია.
ამავდროულად, Amazon უკვე ამზადებს სტრატეგიას, რათა შეამსუბუქოს შესაძლო სოციალური ზეწოლა იმ რეგიონებში, სადაც სამუშაო ადგილების შემცირებაა მოსალოდნელი. დოკუმენტების მიხედვით, კომპანია გეგმავს უფრო აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ღონისძიებებში - მაგალითად, ქველმოქმედების კამპანიებში და ადგილობრივ ფესტივალებში.
ამ დროისთვის Amazon ოფიციალურად აცხადებს, რომ შიდა დოკუმენტები არ ასახავს კომპანიის მთლიან სტრატეგიას და ისინი მხოლოდ ერთი დეპარტამენტის ხედვას წარმოადგენს. კომპანია წელს საშობაო სეზონისთვის 250,000 ახალ თანამშრომელს დაიქირავებს, რომელთა ნაწილიც მუდმივ დასაქმებულად დარჩება.
Amazon-ის ნაბიჯი შესაძლოა მნიშვნელოვანი მაგალითი გახდეს სხვა მსხვილი დამსაქმებლებისთვის, მათ შორის Walmart-ისა და UPS-ისთვის, რომლებიც ასევე განიხილავენ ავტომატიზაციის ზრდას. ექსპერტების შეფასებით, მსხვილი დამსაქმებლების ქცევამ ცვლილება შესაძლოა მთლიანად გარდაქმნას ამერიკული ლოგისტიკის სექტორი - სამუშაო ადგილების რაოდენობის შემცირების, თუმცა ტექნიკური და მაღალანაზღაურებადი როლების გაჩენის ხარჯზე.