ხელოვნური ინტელექტი 2030 წლისთვის შესაძლოა სამედიცინო მომსახურების გარკვეულ მნიშვნელოვან ამოცანებში ექიმებზე უკეთესი გახდეს, ხოლო საუკეთესო სამედიცინო დახმარების მომავალი არა ექიმისა და AI-ის თანამშრომლობას, არამედ სრულად ავტონომიურ AI-მოდელებს დაეფუძნოს – ამის შესახებ ჯანმრთელობის სფეროს მკვლევრები ახალ კვლევით ნაშრომში მსჯელობენ.

ნაშრომის ავტორები ბიოეთიკოსი ეზეკიელ ემანუელი, მკვლევარი აბე ბეიკერ-ბატლერი და Curai Health-ის აღმასრულებელი დირექტორი ნილ ხოსლა არიან. მათი ნაშრომი ორშაბათს JAMA-ში გამოქვეყნდა. ავტორები არ ეთანხმებიან სამედიცინო სფეროში დამკვიდრებულ მოსაზრებას, რომ ხელოვნურ ინტელექტს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში მხოლოდ „დამხმარე როლი“ უნდა ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ ამ მიდგომას მხარს უჭერს American College of Physicians-ი.

ავტორები ნაშრომში მსჯელობისას რამდენიმე კვლევას ეყრდნობიან. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, Google-ის Articulate Medical Intelligence Explorer-მა პაციენტის ჩივილების გამოვლენაში, სიმპტომების შეფასებასა და სამედიცინო ისტორიის შეკრებაში ადამიან ექიმებს „მნიშვნელოვნად“ აჯობა.

კიდევ ერთ კვლევაში ChatGPT o3-მა 377 რთული, რეალურ კლინიკურ შემთხვევიდან 60%-ში საბოლოო დიაგნოზი პირველმა სწორად დაასახელა. შედარებისთვის, 20-მა ექიმმა 302 შემთხვევისგან შემდგარ ქვეჯგუფში სწორი საბოლოო დიაგნოზი პირველმა მხოლოდ დაახლოებით 16%-ში დაასახელა.

ნაშრომის ავტორები ასევე ეჭვქვეშ აყენებენ ექიმებისა და AI-ის თანამშრომლობის იდეას. მათი თქმით, ადამიანის ჩართვამ შესაძლოა შედეგები კი არ გააუმჯობესოს, გააუარესოს კიდეც. ისინი 2024 წლის კვლევას იშველიებენ, რომლის მიხედვითაც AI-ზე დაფუძნებულ კლინიკურ ქეისებში რეალური ექიმების ჩართვამ შედეგები მნიშვნელოვნად გააუარესა იმ შემთხვევებთან შედარებით, როდესაც საქმეს მხოლოდ AI ასრულებდა.

ავტორები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაუმჯობესდება, მაშინ როდესაც ექიმებმა შესაძლოა საკუთარი კოგნიტური და კლინიკური უნარები დაკარგონ ე.წ. „AI-induced deskilling“-ის გამო – ეს AI-ზე გადაჭარბებული დამოკიდებულების შედეგად ადამიანური ცოდნისა და უნარების თანდათანობითი დაქვეითებაა.

თუმცა სრულად ავტონომიური AI-ექიმების მიერ პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების დამოუკიდებლად გაწევა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შეუძლებელია. ნაშრომის ავტორების განცხადებით, ამისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, ანაზღაურებისა და რეგულირების საკითხებია გადასაჭრელი.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს ამერიკული მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, რობერტ ვახტერი. 2026 წელს გამოცემულ წიგნში „გიგანტური ნახტომი“ ის წერს, რომ საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას კვლავ AI-ით გაძლიერებული ექიმები უზრუნველყოფენ, მაშინ როდესაც პაციენტების უფრო დაბალშემოსავლიანმა ნაწილმა შესაძლოა მხოლოდ AI-ზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს.

ამერიკის სამედიცინო ასოციაცია და American College of Physicians-ი კი აცხადებენ, რომ AI კლინიკურ გადაწყვეტილებებში „დამხმარე როლში“ უნდა დარჩეს, რათა პაციენტებისთვის სარგებელი მაქსიმალური, ხოლო ზიანი მინიმალური იყოს.

ზემოხსენებული ნაშრომის ავტორები მედიცინაში AI-ის განვითარებას ჭადრაკის ისტორიას ადარებენ. 1997 წელს IBM-ის მიერ შექმნილმა სპეციალიზებულმა სუპერკომპიუტერმა, Deep Blue-მ, მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვს მოუგო. მომდევნო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჭადრაკში ადამიანისა და AI-ის კომბინირებული გუნდები დომინირებდნენ, თუმცა 2017 წლისთვის დამოუკიდებლად მოქმედმა AI-მ უკვე ამ ჰიბრიდულ გუნდებს აჯობა.

ავტორების აზრით, მედიცინამ შესაძლოა მსგავსი გზა გაიაროს. თუმცა, ჭადრაკისგან განსხვავებით, მედიცინაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს. თუ ექიმები კოგნიტური სამუშაოს შესასრულებლად სულ უფრო მეტად დაეყრდნობიან AI-ს, შესაძლოა მათი კლინიკური უნარები თანდათან შესუსტდეს, რაც მომავალში AI-სთვის გადაწყვეტილებების სრულად გადაბარებას შეუქცევად პროცესად აქცევს.

წყარო: forbes.ge