საქართველოს ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციას ეხმიანებიან, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან შემოვიდა, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნები ტოპ ათეულშიც ვერ მოხვდნენ.

მთის კურორტების ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელია, მირანდა ელბაქია გაკოტრების საშიშროებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუსი ტურისტები ქვეყანაში ფულს არ ხარჯავენ, ხოლო მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა პრობლემების გამო ევროპელი ტურისტებისთვის საქართველო საინტერესო არაა.

"ჩვენ დიდი ხანია ერთადერთი საკომუნიკაციო არხი მთავრობასთან ბიზნესს გვაქვს მხოლოდ ტელევიზია. დიდი ხანია ვამბობთ, რომა რ გვაქვს საავადმყოფო, არ გვაქვს გზა, არ გააქვთ დროზე ნაგავი, არის საშინელი საცობები. აი წარმოიდგინეთ, რომელ მხარჯველუნარიან ტურისტს მოუნდება ზამთრის კურორტზე ჩამოსვლა, სადაც საბაგირომდე მისასვლელ გზაზე 6 საათი უნდა იყოს საცობში. ისეთ ელემენტარულ კომფორტს ვერ ვახვედრებთ ტურისტს, როგორიცაა გადაადგილება. 

უბრალოდ არ ჩამოდის ევროპელი ტურისტი და ამიტომ არიან პირველ ადგილას რუსები. 
იმაში, რომ ბევრი რუსი ტურისტი გვყავს, მაგის საშიშროება ის არის, რომ უბრალოდ ბიზნესი გაკოტრდება იმიტომ, რომ რუსები ფულს არ ხარჯავენ. 

ჩვენ შემოსავლები შეგვიმცირდება, ისედაც გაკოტრებული სახელმწიფო, ჩვენ ვერ გადავიხდით გადასახადებს, დიდი რისკია, რომ საერთოდ გაკოტრდეს ტურიზმის სექტორი," - ამბობს მირანდა ელბაქია. 

ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ კერძო სექტორს ესაუბროს და მათთან ერთად ეცადოს პრობლემების გადაჭრას.

"რომელი მაღალხარისხიანი ტურისტი უნდა მივიღო, როდესაც გუდაურში დღეს თოვს და მეშინია გზა არ ჩაიკეტოს და ტურისტები არ ჩამორჩნენ. თუ არ ითოვებს და ოდნავ პლუს ტემპერატურა დაარტყამს, სათხილამურო ბილიკებზე ქვები ამოდის და ხალხი იმტვრევა. ორი მანქანა გვემსახურება მთლიანად ამბულატორიული. ანუ ადამიანი რომ დაიმტვრეს სად წავიყვანოთ, შეიძლება თბილისში ვერ ჩამოვიყვანოთ. თუ გზა არ დახვდათ, თუ ტროტუარი არ დახვდათ, თუ საცობები დახვდათ, თუ საპირფარეშოები არ დახვდა არსად გზაზე, ეს მარალმხარჯველუნარიანი ხალხი ასევე კარგ დახვედრას და ასევე კარგ სერვისებს. 

კერძო სექტორს გვესაუბრონ, ერთად დავგეგმავთ, ვეტყვით პრობლემებს და იმიტომ არიან იქ, რომ ამ პრობლემებზე გადაწყვეტილებები თვითონვე მიიღონ. 

ამინდის პროგნოზში რომ უნდა ჩაიხედონ და სამი დღე გადაბმულად თუ თოვს მობილიზება რომ უნდა გაუკეთონ მძიმე ტექნიკას და ტრაქტორი წმენდდეს გზას, ეგ როგორ ვასწავლო?" - აღნიშნავს ბიზნესის წარმომადგენელი. 

შპს "ტრაფიკ თრეველის" დირექტორი ცოტნე ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო წელი წინაზე უარესია. მისი თქმით, მაღალგანვითარებული ქვეყნის ტურისტს არ სურს მისი დახარჯული ფულის ნაწილი რუსული რეჟიმის გამდიდრებას მოხმარდეს.

"პასუხისმგებლიანი ტურისტი, რომელიც ჩამოდის მაღალგანვითარებული ქვეყნიდან, იცის სად უნდა დახარჯოს თანხა, იცის რომელ ქვეყანაში მიდის და არანაირი სურვილი არ აქვს, რომ თავიანთი დახარჯული თანხიდან რაღაც ნაწილი მოხმარდეს რუსული რეჟიმების და დიქტატორების რეჟიმების დამყარებას, მათ შემოსავალს და მათ გამდიდრებას. 

ყველა წელი არის იმაზე უფრო უარესი ვიდრე წინა წელი იყო. 

ჩინეთი, ინდოეთი, არაბული ქვეყნები არ ინტერესდებიან არც ჩვენი სამზარეულოთი და არც ჩვენი ნატურალური ღვინოებით. ბევრი ბიზნესი აწყობილია გასტრონომიაზე და ღვინოზე, რაც ჩვენი ეს ვექტორის ცვლილება, რაც ტრაგიკულია ისედაც და ძაან ცუდია, ტურიზმის სექტორსაც ურტყამს,"აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.

საქართველო ევროპელ ტურისტებს კარგავს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში საქართველოს 7.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით არის გაზრდილი, საიდანაც 5.5 მილიონი ვიზიტი უშუალოდ ტურისტულ ვიზიტს წარმოადგენდა, რაც წლიურად 8.4%-ით არის გაზრდილი.

2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან ჩამოვიდა, მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11%-ით არის გაზრდილი - 1.57 მილიონი ვიზიტი (ზრდა 11%); მეორე ადგილზეა თურქეთი 1.24 მილიონი ვიზიტით (კლება 6.6%), სომხეთიდან კი საქართველოში გასულ წელს 948 ათასი ვიზიტორი შემოვიდა (უცვლელია). რეიტინგში ასევე შედიან ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს, ევროკავშირიდან ნახევარი მილიონი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა საქართველოს ტურიზმის TOP-10-ში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ მოხვდა. შედარებისთვის, პანდემიამდელ პერიოდში 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნები ტოპ ათეულშიც შედიოდნენ.

EU-დან ყველაზე მეტი 84 ათასი ვიზიტორი გერმანიიდან შემოვიდა ამ მაჩვენებლით გერმანია მთლიან რეიტინგში მეცამეტე ადგილს იკავებს.

tvpirveli.ge