ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, საქართველოს საქმიანი ტურიზმის (MICE) ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი ფორუმების გაერთიანების m&i Forum ხელმძღვანელები ეწვივნენ. M&i-ის გლობალური ფორუმის ფარგლებში რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან 60-მდე გაყიდვების საერთაშორისო კომპანია სტუმრობდა. შეხვედრებზე საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, კონგრესებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ტურისტული კომპანია Georgian Holiday-ის ხელმძღვანელი მანანა ცირამუა „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ საქმიანი ტურიზმის პერსპექტივა საქართველოში ნამდვილად გვაქვს, მაგრამ პოტენციალის მიუხედავად ეს სექტორი სტაბილურ და მშვიდ გარემოს მოითხოვს რაც ამ ეტაპზე ქვეყანაში არ არის.
„საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარების პერსპექტივა ნამდვილად აქვს, რადგან ჩვენთან არის შესაბამისი ობიექტები სადაც შესაძლებელია დიდი ღონისძიებების მოწყობა და თანდათან მათი რიცხვი იზრდება. საქმიანი ტურიზმისთვის საქართველოში ყველაზე მიმზიდველი რა თქმა უნდა თბილისია, რადგან ის გამოირჩევა საჭირო ობიექტების სიმრავლით, როგორიცაა სასტუმროები, საკონფერენციო დარბაზები, ღონისძიებების ჩასატარებელი ადგილები, თუმცა ბათუმიც არაჩვეულებრივია ამ მიმართულებით. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, აშკარაა რომ პერსპექტივა იქაც ჩნდება და ეს ძალიან კარგია.
MICE ტურიზმი, მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანია და ის მომგებიანი ტურიზმის მნიშვნელოვანი ფორმაა. საქმიანი ტურიზმის გულისხმობს, რომ ქვეყანაში მოდიან ადამიანები, წინასწარ დაფინანსებული და მომზადებულები, ღარიბი ადამიანი ამ დანიშნულებით ვერ შემოვა ქვეყანაში, შესაბამისად ის მაღალმხარჯველუნარიანია. ზოგადად ძალიან კარგია, მაგრამ რთულად განსავითარებელი მიმართულებაა, დიდი რესურსის ჩადებას მოითხოვს და წინასწარ დაზუსტებით არავინ იცის, გაამართლებს ეს რესურსი თუ არა.
საქმიანი ტურიზმის განსავითარებლად პოტენციალი გვაქვს, თუმცა ის სტაბილურ და მშვიდ რეგიონს მოითხოვს, ამიტომ ეს პროცესი ჯერ კიდევ ნელი ნაბიჯებით მიდის“, — ამბობს მანანა ცირამუა.
აღსანიშნავია, რომ ირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა.