ტურისტული კომპანია ,,Georgian Bus" საქართველოში საქორწილო ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით ინდოეთში მიმდინარე კამპანიას დადებითად აფასებს. ტურისტული კომპანიის დირექტორის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ასევე ინდოეთის ტურისტულ ბაზრებზე გააქტიურება.
,,ძალიან სასიხარულოა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიები აქტიურდება, მათ შორის –როუდშოუები, რომლებშიც კერძო სექტორსაც შეუძლია მონაწილეობა, რათა მოვიზიდოთ დამატებითი პარტნიორები და შევუწყოთ ხელი ტურისტების ზრდას ქვეყანაში. საინტერესოა ინდოეთის ტურისტული მიმართულებაც, რომელიც კონკრეტულად ქორწილების სეგმენტს მოიცავს. ჩვენ სექტემბერში ვგეგმავთ მონაწილეობას დელიში გამართულ შესაბამის გამოფენაში, სადაც ფოკუსი სწორედ ქორწილებზე კეთდება. ვფიქრობთ, ეს ბაზარი დიდი პოტენციალის მატარებელია საქართველოსთვის“, – აცხადებს შალვა ხუციშვილი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზრებზე – ევროპაში, აზიასა და ამერიკაში – საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. მარკეტინგულ კამპანია 31 ქვეყანაში დაიწყო. მათ შორის არის ინდოეთიდან საქორწილო ტურიზმის წახალისების კამპანიაც. ამ მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ კომპანია Vivaah Wedding Parties Organizing LLC-სთან 100,800-დოლარიან ხელშეკრულება გააფორმა.