„ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს წევრი ან კანდიდატი ქვეყნებისგან ლგბტ ქორწინების ცნების მიღებას“ — ამის შესახებ შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როზენკრანცმა „ინტერპრესნიუსს“ წერილობით აცნობა, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე განმარტების პასუხად.
მისი თქმით, ევროკავშირის ხელშეკრულებები ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტ თემის, უფლებების სრულ სამართლებრივ დაცვას ითვალისწინებს, თუმცა წევრ ქვეყნებს არ ავალდებულებს ერთნაირსქესიანი ქორწინების კონკრეტული ფორმით აღიარებას.
„შვედეთს ლგბტ თემის უფლებების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება აქვს და ამაყად გააგრძელებს ამას. ევროკავშირის ხელშეკრულებები ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტ თემის უფლებების სრული სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა. ევროკავშირის თითოეულ მოქალაქეს აქვს ერთი და იგივე განუყოფელი უფლება, იცხოვროს დისკრიმინაციის, სიძულვილისა და ძალადობის მუქარისგან თავისუფალმა. ეს ჩვენი კავშირის ძირითადი ღირებულებაა და ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნისთვის უდავო პირობაა. თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს მის წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ თავიანთ კანონმდებლობაში [ლგბტ] ქორწინების ზუსტად იგივე ცნება მიიღონ“, - განუცხადა მინისტრმა „ინტერპრესნიუსს“.
გასულ კვირას შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
„დღეს საგერსკაში უკრაინელი LGBTQI ვეტერანები მივიღე. როდესაც ისინი ფრონტის ხაზზე სიცოცხლეს რისკავენ და სხვა გზებით მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, ისინი უკრაინის დაცვას ეხმარებიან. თუმცა, ისინი ასევე იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულება არიან, რომელთათვისაც უკრაინა იბრძვის.
დღეს, ერთსქესიან წყვილებს უკრაინაში არ შეუძლიათ ქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობა. ყველა უმცირესობის, მათ შორის LGBTQI თემის, უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა ჩვენთვის უკრაინის ევროკავშირთან მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება ამ ყველაფრის შესრულებას“, - დაწერა მან.