რას უკავშირდება ცხელი ზაფხული საქართველოში? - ამ თემაზე სასაუბროდ გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტს მამუკა გვილავას მივმართეთ.

- წელს ნამდვილად ძლიერი სიცხეა. მაღალი ტემპერატურა უკვე 10 დღეზე მეტია გრძელდება და პროგნოზით შემდეგი 7-10 დღის განმავლობაშიც ასეთივე ამინდის მოლოდინი აქვთ. მონაცემები გადავამოწმე ერთ-ერთ ამერიკულ პორტალზე, რომელიც ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩლიმატე ჩენტრალ (https://csi.climatecentral.org) - მათ შემუშავებული აქვთ ე.წ. კლიმატის წანაცვლების (ცვლილების) ინდექსი, რომელიც გამოიანგარიშებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კლიმატური პირობების წანაცვლებას. ეს ახალი დარგია, სულ 10-15 წლის, რომელიც სპეციალური მიკუთვნების (ატრიბუციის) მეთოდით გამოთვლილ ამინდს კლიმატთან აკავშირებს.

ამინდი და კლიმატი ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ. ამინდი არის ის, რასაც­ განვიცდით ამ მომენტში, მაგრამ კლიმატის ცვლილება 20-25 წლის განმავლობაში სხვადასხვა ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრის ცვლილებებს ეფუძნება, რაც მოიცავს საშუალო ტემპერატურას, მაქსიმალურ ტემპერატურას, მინიმალურ ტემპერატურას, საშუალო ნალექიანობას და ა.შ.

რომ არ ყოფილიყო ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება, არ გვექნებოდა ასეთი ინტენსიური ტემპერატურა ამდენი დღის განმავლობაში.

დღევანდელი მრავალწლიანი საშუალო ტემპერატურა ჩვენს ტერიტორიაზე 29,2 გრადუსია, ამჟამად გვაქვს 35-36 გრადუსი.

- ზღვაში რამდენით არის გაზრდილი?

- წყლის ტემპერატურა განსხვავებული­ მეთოდით იზომება. ზღვის ტემპერატურა პორტალის რუკის მიხედვით (ავიღოთ ბათუმთან), 28 გრადუსია, 2.1-ით მეტი, ვიდ­რე ჩვეულებრივ იქნებოდა. ამ დროს საშუა­ლოდ 25,9 გრადუსი იყო ხოლმე. ეს კლიმატის ცვლილებითაა­ გამოწვეული. თბილისი და ტენიანობა ვის გაუ­გონია, მაგრამ მომატებულია ტენიანობაც.

- რატომ?

- მაღალი ტემპერატურა უფრო მეტად აორთქლებს ნიადაგიდან და მცენარეებიდან ტენს, რომელიც გადადის ჰაერში, ატმოსფეროში. წვიმა კარგა ხანია არ ყოფილა და, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ იქნება, მაგრამ რომ მოვა, ატმოსფეროში ასული­ ეს დიდი რაოდენობით წყალი ერთდროულად ჩამოგვექცევა თავზე. გაგახსენებთ, ათიოდე დღის წინ როგორი ტროპიკულის მსგავსი წვიმა იყო. თბილისში ოდესმე ყოფილა ამ ტიპის წვიმა?! რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ტენი ადის ატმოს­ფეროში და შემდეგ ერთბაშად მოდის თქეში წვიმა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში, ტემპერატურამ რეკორდი დაამყარა. შარშან 1,5 გრადუსით აღემატებოდა მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა ისტორიულს. ამერიკაში ტრამპისგან უკვე მოითხოვენ, რომ შეწყვიტოს NASA-სა და NOAA-ს ბულინგი, მაგალითად, ცნობილი მეცნიერის, ჩალზ კილინგის საქმის გამგრძელებლების. კილინგმა პირველმა წამოიწყო გაზომვები გასული საუკუნის 50-იან წლებში და დაადგინა ატმოსფეროს ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი ზრდა, გამოწვეული ემისიებით, ძირითადად, ავტომანქანის გამონაბოლქვებით, რაც დღეს უკვე 50%-ით არის გაზრდილი და დედამიწაზე სათბურის ეფექტს იწვევს. ამას ადასტურებს კილინგის მრუდი, ტრამპი კი აპირებს NOAA-სთვის დაფინანსების შემცირებას და ჰავაიზე იმ ლაბორატორიას დახურვას, სადაც დაიწყო ამ პარამეტრის გაზომვა - ვგულისხმობ ჩO2-ის კონცენტრაციას ატმოსფეროში. ეს იქნება დანაშაული მთელი მსოფლიოს წინაშე.

ეს მონაცემები უწყვეტად უნდა გვქონდეს, რათა ვიცოდეთ, რამდენად მწვავეა პრობლემა და შევეცადოთ შეძლებისდაგვარად გამოვასწოროთ, თუმცა ეს ვერ მოხერხდება ერთ-ორ დღეში. აუცილებელია შემუშავდეს ე.წ. სიცხის მართვის გეგმები. როგორ გგონიათ, თბილისს აქვს სიცხეების მართვის გეგმა?

- არა მგონია...

- ჰოდა, მოვთხოვოთ ახალ მერს.

- როგორი წარმოგიდგენიათ ეს გეგმა?

- მე მაქსიმალურად მოვაშორებდი ასფალტს და გავაკეთებდი მწვანე ნარგავებს. დავიწყებდი გრილი ადგილების შექმნით, სადაც მოხუცებსა და ბავშვებს ექნებოდათ თავის შეფარების შესაძლებლობა. ყველას კონდიციონერი ხომ არა აქვს. მოხუცების, პატარების, მოწყვლადი ჯგუფებისთვის შევქმნიდი ცენტრებს. ხომ ხშირია ფაქტები,­ როცა სიცხით გაბრუებულს ქუჩიდან მაღაზიაში შეუფარებია თავი გასაგრილებლად. მერიამ უნდა გახსნას მსგავსი თავშესაფრები. ევროპაში დიდი ხანია, 2003 წლიდან აკეთებენ ამას. მაშინ პარიზში სიცხისგან 3000 მოხუცი გარდაიცვალა. თავშესაფრები გააკეთეს სკოლებში, სადაც შეშვება უფასოა დღისით მოსწავლეებისთვის, საღამოს მოსახლეობისთვის. ეს ძნელი გასაკეთებელი არ არის და არც დიდი თანხები სჭირდება.­ მე კითხვა მაქვს: როგორი მდგომარეობაა საქართველოში, ხომ არ გაიზარდა სიკვდილი­ანობა ამ დღეებში? ხომ არ გამოუქვეყნებიათ? თუ აქ პარიზზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს?

- აღარ დასრულდა ეს ცხელი დღეები...

- არა მარტო დღისით, ღამითაც ვერ ახერხებს ადამიანი სიცხისაგან დასვენებას. ამას სითბური ტალღა ჰქვია. წლიდან წლამდე იზრდება ტემპერატურა... ჩვენ ვერც მივხვდით, ისე შევედით ამ კრიზისში. პორტალს რომ ვუყურებ, ტემპერატურის ზრდა 6-7 ივლისიდან იწყება.

დღეს რაც ხდება, შეგვიძლია დავაბრალოთ ადამიანის მიერ ნახშირორჟანგისა და სხვა სითბური გაზების ემისიას, მოყოლებული 50-იანი წლებიდან. დღეს მოვიმკით იმას, რასაც ვაკეთებდით 70-80 წელიწადი. ამიტომ დღესვე უნდა დავიწყოთ ბრძოლა, წესით, უნდა გავაჩეროთ ყველა მანქანა, რაც შეუძლებელია. ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ატმოსფეროში 300-დან 1000 წლამდე არ შემცირდება. 1000 წლის განმავლობაში დარჩება, თუ არ მოვიფიქრებთ, როგორ ამოვიღოთ CO2 ატმოსფეროდან. ალბათ, უპირველესად ხეების დარგვით და ა.შ.

- ხომ არსებობს კლიმატის ცვლილების სცენარები?

- კლიმატის ცვლილების სცენარების შეთანხმება მიღწეული გვაქვს 2 გრადუსზე, მეტით თუ არ მოიმატა. 1.5 გრადუსი იდეალური იქნებოდა პარიზის შეთანხმების თანახმად, მაგრამ ამჟამად 3,15 გრადუსის არის ის სცენარი, რომლითაც მივდივართ. წარმოიდგინეთ, 1.5 გრადუსით მატებაზე რა ხდება და რა მოგველის 3 გრადუსზე. დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ... სიცხის შემოტევას ემატება წყალდიდობები, წყალმოვარდნები. ხომ ნახეთ ამ დღეებში მერამდენედ ჩამოვარდა დევდორაკი. ჯერ 50 წლის წინ, მერე 10 წლის წინ, 5 წლის წინათაც და ახლაც... მთებშიც პროცესები მიდის. არც გვისაუბრია ამაზე, ისე ჩაიარა ახალმა ამბებმა...

- ჩვენნაირი სიცხე ახლა კიდევ სად არის?

- მთელი სამხრეთი და ჩრდილოეთი კავკასია ერთნაირად ვართ გაფერადებული რუკაზე, ისევე როგორც სამხრეთით მთელი­ ახლო აღმოსავლეთი. თუკი დავაკვირდებით ჩლიმატე ჩენტრალ-ის პორტალს, ჩინეთშიც არასახარბიელო მდგომარეობაა. როგორც ჩანს, ნორვეგიასა და შვედეთშიც სითბური ტალღებია.

- თითქოს ზღვარი წაიშალა წელიწადის დროებს შორის.

- მეცნიერულად დადასტურებული ეფექტია, შემოდგომისა და გაზაფხულის ფუნქცია დაიკარგა, პირდაპირ გადავდივართ ცხელ ამინდებში და შემდეგ პირდაპირ - ცივში. ეს ბევრ ცვლილებას იწვევს, პირველ რიგში ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ის, რომ ეს ზღვარი წაშლილია, ყველაფერში გამოვლინდება, მაგალითად, მცენარეების ზრდის დინამიკაში, როდის იყვავილებს, როდის გამწვანდება, როდის გამოიღებს ნაყოფს და როდის ჩამოყრის ფოთლებს. იგივე ითქმის წვიმაზეც. უკვე იშვიათად მოდის, მაგრამ თუ მოდის, თავსხმა. ალბათ, ამას ძლიერი ზემოქმედება ექნება ჩვენს სასურსათო მდგომარეობაზეც, რაც არ იქნება ეკონომიკურად ადვილი.

- კლიმატის ცვლილების შერბილების ან ადაპტაციის გეგმა გვაქვს?

- მეც მაინტერესებს, როგორია კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსება, ადაპტაციის გეგმა საერთოდ არა გვაქვს. ვიცით, რომ ცდილობს მერია, თუმცა უფრო მეტი მწვანე საფარია საჭირო. საერთოდ, ქალაქებში 5-6 გრადუსით უფრო მაღალი ტემპერატურაა, ვიდრე ქალაქგარეთ, მწვანე გარემოში (ე.წ. ურბანული სითბური კუნძულის ეფექტი). ყველა სახლს უნდა ჰქონდეს მწვანე სახურავი. გერმანიაში კანონია, არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, თუ სახლს არ ექნება მწვანე სახურავი. არადა, გერმანია, ჩვენგან განსხვავებით, გრილი ქვეყანაა.

თბილისში გვჭირდება როგორც ადაპტაციის, ასევე ტემპერატურის, სიცხის მართვის გეგმა. ყველა სახის ადაპტაციაზე ვსაუბრობთ, მაგრამ უმჯობესია ტემპერატურას მოვუაროთ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ურბანულ გარემოში ტემპერატურის ზრდაა. ამით თუ დავიწყებთ ადაპტაციის პროცესს, უმჯობესი იქნება მოვთხოვოთ მერიას თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში „სიცხის მართვის გეგმის“შემუშავება და განხორციელება.

როგორ მოვიქცეთ სიცხეში

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე: - თუ აუცილებელი საქმე არა გვაქვს, ნუ გავალთ მზეზე, სასურველია ჩრდილი მოვძებნოთ. ისიც გვახსოვდეს, რომ მზით დამწვრობა შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც. ტანსაცმელი უნდა გვეცვას ღია ფერის და ჰაერგამტარი, ნატურალური ქსოვილის, თავზე უნდა გვეხუროს ქუდი და გვეკეთოს მზის სათვალე. სასურველია გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც კანზე უნდა წაისვათ მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე და ყოველ 2 საათში განვიახლოთ. ვსვათ ბევრი სითხე, ოღონდ არა ალკოჰოლი, არა კოფეინის შემცველი და არა ტკბილი. კარგია ნატურალური ან მინერალური წყალი. წყალი ზრდასრულმა ადამიანმა 2 ლიტრამდე უნდა დალიოს, თუმცა მნიშვნელოვანია იმ დროს, ვიდრე მოგწყურდებათ. ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებები აქვს, ხშირად უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია, თუ რამდენი და როდის დალიოს წყალი. ჭამეთ მაქსიმალურად მსუბუქად, ცოტა და ბევრჯერ, და არა ერთხელ და ბევრი. მოერიდეთ კრემიან და მაიონეზიან საჭმელს. საკვები შეინახეთ მაცივარში. სახლში ნორმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად ჯობს დღისით მზის მხარეს ფანჯრები და დარაბები დავხუროთ, სქელი ფარდები ჩამოვაფაროთ, ღამით - პირიქით, გავაღოთ, რათა სახლი მაქსიმალურად განიავდეს. კარგია, ოთახებში სველი პირსახოცის ჩამოკიდება, რაც სივრცეს აგრილებს. ხშირად მიიღეთ შხაპი. ვისაც შინ კონდიციონერი არა აქვს, გამოიყენეთ საზოგადოებრივი ადგილები, აფთიაქები, მაღაზიები, მოლები, სადაც კონდიცირებული ჰაერია.

წყარო: კვირის პალიტრა