ამერიკულმა კომპანიამ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთების შესატანად ქართველი მძღოლები დაიქირავა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სამხრეთ ისრაელში, კიბუცში მდებარე სასტუმრო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ისრაელში ჩასული სატვირთო მანქანების მძღოლების საცხოვრებლად იქცა. ისრაელის მედიის თანახმად, მათი უმეტესობა ისრაელში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩავიდა, მას შემდეგ, რაც უფრო მაღალ ფინანსურ ანაზღაურებას დაჰპირდნენ, ვიდრე საკუთარ ქვეყნებში.

მძღოლებს ყოველდღიურად უწევთ ერთი, ზოგჯერ ორი მგზავრობა კერემ შალომის სასაზღვრო გადასასვლელიდან ღაზის სექტორში არსებული საკვების განაწილების პუნქტებამდე. ისრაელის მედიის თანახმად, მძღოლები ისრაელში ამერიკულმა კომპანიამ, Arkel International LLC-მა ჩაიყვანა, რომელიც ღაზის სექტორში სასურსათო დახმარების პროექტში მონაწილეობს. ესაა ვეტერანი ამერიკული სამშენებლო და ლოგისტიკის ფირმა, რომელიც ღაზის ჰუმანიტარული ფონდის სუბკონტრაქტორად მუშაობს.

მე სატვირთო მანქანის მძღოლი ვარ საქართველოში. ჩემმა უფროსმა შემომთავაზა ისრაელში ბროკერის მეშვეობით ჩასვლა და მითხრა, რომ შესაძლებელი იყო ორმაგი ან მეტის გამომუშავება. აქ კომპანია „არკელმა“ მოგვიყვანა. ისინი იხდიან ჩვენს ხელფასებს და ხელშეკრულებაც მათთან დაიდო. ჩვენი საქმეა დილით სატვირთო მანქანების კოლონით გასვლა და ღაზაში შესვლა. ისრაელის არმია განაწილების ზონამდე გვაცილებს. სატვირთო მანქანებით ჩავდივართ, ადგილზე გადმოტვირთავენ და მაშინვე მივდივართ. ზოგჯერ დღეში ორი ასეთი მარშრუტიც არის“, – განუცხადა ისრაელის მედიას სატვირთო მანქანის მძღოლმა, რომელიც 32 წლის არის.