ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ იმ სტრატეგიული ბაზრებიდან ჩამოდის, რომლებზეც ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს. მაია ომიაძე ამბობს, რომ სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადების ზრდას მარკეტინგულმა კამპანიამ და პირდაპირმა ავიარეისებმა შეუწყო ხელი.

„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ იმ სტრატეგიული ბაზრებიდან ჩამოდის, რომლებზეც ჩვენ განსაკუთრებით ვმუშაობთ. ეს ქვეყნები დაკავშირებულია პირდაპირი ავიამიმოსვლით და სწორედ იქ ახორციელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს. ეს ქმედებები, რაც დაგეგმილად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს, საბოლოოდ აისახება როგორც ტურისტების რაოდენობაზე, ისე მიღებულ შემოსავლებზე. ვიზუალურად რაც ჩანს მაჩვენებლები სრულ თანხვედრაშია ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან, სადაც დაფიქსირებულია მოგზაურობის ზრდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი მატება,“ - აცხადებს ომიაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი მაღალი აქტივობით გამოირჩევა და ძალიან დიდი დატვირთულობით მიმდინარეობს. მაია ომიაძის თქმით, მაღალი აქტივობა შეინიშნება როგორც სასტუმროებში, ისე სხვადასხვა ტიპის ტურისტულ ობიექტებში, რომლებსაც მრავალი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობს.