ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
სასჯელის ათვლა დაიწყება 12 იანვრიდან, დაკავების დღიდან.
მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.