„ზაფხულის სეზონზე სასტუმროების ფასების მატება შეინიშნება არა მხოლოდ საზღვაო ტურიზმის რეგიონებში - გურიასა და აჭარაში, არამედ კახეთსა და რაჭაში“, -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში PMC-ის უმცროსმა მკვლევარმა ნანა ქაჯაიამ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონებისგან განსხვავებით სასტუმროებზე ფასების მცირედი კლებაა დედაქალაქში, რისი მიზეზიც გაზრდილი კონკურენციაა.

„ივნისის თვეში, მაისთან შედარებით, სასტუმროების ფასების მცირედი, დაახლოებით 6%-იანი ზრდა შეინიშნება, რაც მოსალოდნელიც იყო იქიდან გამომდინარე, რომ მაისის თვე შეიძლება ნაკლებად ტურისტულად შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე ივნისი, ივლისის და აგვისტო. საქართველოს მასშტაბით, წინა წელთან შედარებით მხოლოდ 4%-თაა გაზრდილი სასტუმროების ფასები“, - აცხადებს ნანა ქაჯაია.

სასტუმროს ფასების ზრდა გაცილებით მაღალია 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებში. საოჯახო სასტუმროების ფასები მცირედით შემცირებულია, რაც PMC-ის მკვლევრის თქმით შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ საოჯახო სასტუმროების რაოდენობა და იქ განთავსების შესაძლებლობები შედარებით გაიზარდა.

რაც შეეხება სასტუმროების ფასების მონიტორინგს რეგიონების მიხედვით, გურიაში 15%-თაა გაზრდილი ფასები, ხოლო წინა წელთან შედარებით - 17%-ით და ზრდა სეზონურობითაა გამოწვეული.

ნანა ქაჯაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს აჭარაში საზღვაო ტურიზმზე მოთხოვნა შედარებით ნაკლებია, ფასების 28%-იანი ზრდა შეინიშნება. მომატებულია ფასები კახეთის და რაჭის რეგიონშიც, სადაც დატვირთულობის შესაბამისად, ივლის-აგვისტოში, ფასების ზრდა კიდევაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სასტუმროს ფასების 5%-იანი კლებაა წინა წელთან შედარებით და ამას თავისი მიზეზები აქვს. PMC-ის მკვლევრის თქმით, დედაქალაქის სასტუმროების ფასებიც კლების მიზეზის განთავსების ადგილების მკვეთრი მატებაა.

„თბილისში, ივნისის თვეში, წინა თვესთან და წინა წელთან შედარებით, ფასების მცირედი კლება შეინიშნება, რაც განპირობებულია მაღალი კონკურენციით, რადგან თბილისში ამ სეზონზე უფრო მეტია დასარჩენი ადგილით, ვიდრე წინა წელს იყო. დედაქალაქში წინა წლის ივნისთან შედარებით ფასები 5%-ითაა შემცირებული. წლის დასაწყისში მცირედი ზრდა მაინც ფიქსირდებოდა, თუმცა მაის-ივნისში ფასების კლება დაფიქსირდა“, - აცხადებს ნანა ქაჯაია.