YouTube-მა განაცხადა, რომ ლაივსტრიმების დროს რეკლამებს დროებით შეაჩერებს იმ შემთხვევაში, თუ ჩატში აქტივობა პიკზეა ასული და მომხმარებლები მხარდაჭერას გამოხატავენ Super Chat-ის, Super Stickers-ის ან საჩუქრების საშუალებით. აქამდე რეკლამების თავიდან აცილების ერთადერთი გზა YouTube Premium-ზე გადახდა იყო.
Google-ის მფლობელობაში მყოფმა პლატფორმამ ბლოგპოსტში აღნიშნა, რომ როცა YouTube-ის სისტემა მაღალ ჩართულობას ამჩნევს, პლატფორმა ავტომატურად აჩერებს რეკლამებს ყველა მომხმარებლისთვის. კომპანიის თქმით, ამ ცვლილების მიზანია დაეხმაროს კონტენტშემქმნელებს შეინარჩუნონ მაყურებლის ყურადღება სარეკლამო წყვეტის გარეშე.
ეს ცვლილებები YouTube-მა სხვა განახლებებთან ერთად წარადგინა. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ უფრო მეტი კონტენტშემქმნელი გახდა უფლებამოსილი მიიღოს საჩუქრები მაყურებლებისგან. ეს ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია კანადაში, სამხრეთ კორეაში, ინდონეზიაში, ტაილანდში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
გარდა ამისა, შემქმნელებს უკვე შეუძლიათ ერთდროულად გააკეთონ ლაივი როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ ფორმატში, ხოლო ყველა მაყურებელი ერთ ჩატში ერთიანდება. მაყურებლებსაც, ასევე, შეუძლიათ გაგზავნონ GIF-ები შემქმნელების ჰორიზონტალულ ლაივებშიც, არა მხოლოდ ვერტიკალურში. კომპანიის თქმით, 2025 წელს აშშ-ში ლაივსტრიმების 30%-ზე მეტი მოდიოდა დაკავშირებულ ტელევიზორებზე, რის გამოც პლატფორმა შემქმნელებს აძლევს საშუალებას მოახდინონ თავიანთი კონტენტის ადაპტირება სხვადასხვა ეკრანზე.
ეს ცვლილება განხორციელდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც YouTube-მა აშშ-ში Premium-ის ფასები გაზარდა. ინდივიდუალური გეგმა 13.99 დოლარის ნაცვლად 15.99 დოლარი გახდა თვეში, ხოლო ოჯახური გეგმა – 22.99 დოლარიდან 26.99 დოლარამდე გაიზარდა.