ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის ორგანიზაციების მუშაობის, კონკურენციისა და ღირებულების შექმნის წესებს, მისი დანერგვის ტემპი კი ყველა ინდუსტრიაში ჩქარდება. ბიზნესები, რომლებიც ახლა ატარებენ ექსპერიმენტებს და სწავლობენ, როგორ გადავიდნენ საწყისი იდეებიდან რეალურ დანერგვამდე, მომავლისთვის მყარ ინფრასტრუქტურას აშენებენ. ხოლო ისინი, ვინც ელოდებიან – სანამ ტექნოლოგია დაიხვეწება, პირობები დასტაბილურდება ან სანამ სხვები გაიკვალავენ გზას – რისკავენ, რომ კონკურენტები ბაზარს მანამ დაიკავებენ, სანამ თავად ამ ახალ ეპოქასთან ადაპტირებას დაიწყებენ.
გლობალური არასტაბილურობის ფონზე, ორგანიზაციებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავდაცვით პოზიციაზე უარის თქმა და ინოვაციებზე ფოკუსირება, რათა სამუდამოდ არ დაკარგონ კონკურენტული უპირატესობა. ინოვაციური პროექტების მარცხი ძირითადად არა ტექნოლოგიების ან იდეების, არამედ არასათანადო შიდა გარემოს ბრალია, რომლის ასაშენებლადაც ოთხი მთავარი პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო. პირველ რიგში, ლიდერებმა უნდა შეცვალონ აზროვნება, უარი თქვან სტაბილურობის ძიებაზე და შეეგუონ ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის დამახასიათებელ ცვალებადობას. პარალელურად, უნდა შეიქმნას მოქნილი ორგანიზაციული დიზაინი, რომელიც წაახალისებს ექსპერიმენტებს, არ დასჯის რისკს და მკაფიოდ გადაანაწილებს გადაწყვეტილების მიღების უფლებებს. ამასთან, სასიცოცხლოდ აუცილებელია კაპიტალის მიზანმიმართული, სტრატეგიაზე მიბმული ეტაპობრივი განაწილება და ინოვაციების მართვის ისეთი მექანიზმის დანერგვა, რომელიც კომპანიას რესურსების ფლანგვის ნაცვლად, იდეების დაბალანსებულ პორტფელს შესთავაზებს.
ეს ოთხი საფუძველია 90-დღიანი გეგმის თითოეული ეტაპის საყრდენი.
90-დღიანი გეგმა
დღე 1-30 – დიაგნოსტირება
ამ ფაზის მიზანი სიცხადის შეტანაა. შეუძლებელია ააშენო ის, რასაც ვერ ხედავ. ორგანიზაციების უმეტესობას არასდროს შეუფასებია სისტემატურად საკუთარი ინოვაციური პოტენციალი.
AI-ის დანერგვისას ყველაზე გავრცელებული შეცდომაა კითხვა – რა შეუძლია AI-ს? ამის ნაცვლად უნდა ვიკითხოთ – რა პრობლემები გვიშლის ხელს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში და შეუძლია თუ არა AI-ს მათი გადაჭრა? ჯერ განსაზღვრეთ ორგანიზაციის მიზანი, დასახეთ სტრატეგიული პრიორიტეტები და გამოავლინეთ ბარიერები. მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დაგეხმარებათ ხელოვნური ინტელექტი. შედეგად მიიღებთ ორგანიზაციის მიზნებზე მორგებულ შესაძლებლობების რანჟირებულ სიას.
შეაფასეთ ორგანიზაციის დამოკიდებულება ცვლილებების მიმართ – AI ტრანსფორმაციის მთავარი ბარიერი კულტურაა. სანამ ინსტრუმენტებში ფულს ჩადებთ, შეაფასეთ გარემო.
ჩაატარეთ მიმდინარე ინოვაციებისა და ხარჯების აუდიტი – აღრიცხეთ ყველა ექსპერიმენტი თუ შეჩერებული ინიციატივა და გააანალიზეთ ინოვაციაზე დახარჯული თითოეული დოლარი. მონიშნეთ ყველაფერი, რაც სტრატეგიის ნაცვლად ინერციით ფინანსდება.
გადაანაწილეთ გადაწყვეტილების მიღების უფლებები – მკაფიოდ უნდა უპასუხოთ ხუთ კითხვას – ვინ ამტკიცებს ახალ ექსპერიმენტს? ვინ წყვეტს პროექტის შემდეგ ეტაპზე გადასვლას? ვის შეუძლია ბიუჯეტის გადანაწილება? ვის აქვს წარუმატებელი პროექტის დახურვის უფლება? ვის შეუძლია რესურსების მოთხოვნა სხვადასხვა დეპარტამენტიდან? თუ პასუხები ბუნდოვანია, ინოვაციური პროექტი სტრუქტურულად დაუცველი იქნება.
დღე 31-50 – ორგანიზება
რუკა შედგენილია. ახლა დროა აშენდეს მექანიზმი, რომელიც ინოვაციას გრძელვადიანად შეინარჩუნებს. ეს ეტაპი ადამიანური და ორგანიზაციული ინფრასტრუქტურის შექმნას ეთმობა.
დაადგინეთ სტრუქტურა – ინოვაციების მექანიზმს კონკრეტული მფლობელი უნდა ჰყავდეს, რომელსაც ექნება რესურსების განაწილებისა და წარუმატებელი პროექტების შეჩერების უფლება. საუკეთესო მიდგომაა პასუხისმგებლობის ცენტრალური წერტილის შექმნა, რომელიც აწესებს სტანდარტებს და პორტფელის ერთიან ხედვას ფლობს, მასთან ერთად კი თითოეულ დეპარტამენტში გამოყოფილი ლიდერები, რომლებიც თავიანთ სფეროში აღსრულებაზე აგებენ პასუხს.
გადააწყვეთ წამახალისებელი სისტემა – თუ მენეჯერების მუშაობა მხოლოდ კვარტალური გეგმების შესრულებითა და ხარჯების ეკონომიით ფასდება, ისინი არასდროს დაიცავენ ინოვაციის ბიუჯეტს. ქცევის შესაცვლელად მოტივაციის შეცვლაა საჭირო.
დაამკვიდრეთ ინოვაციის რეგულარული რიტმი – დანიშნეთ ყოველკვირეული 30-წუთიანი შეხვედრა ტოპ-მენეჯმენტის სავალდებულო დასწრებით. გაურკვევლობისას ყველა შეხვედრა რეაქციული ხდება. ეს სესია კი არის დაცული სივრცე ახალი შესაძლებლობების განსახილველად, რაც ინოვაციის მიმართ სისტემატურ მიდგომას აყალიბებს.
დღე 51-70 – მომზადება
ინფრასტრუქტურა მზადაა. ახლა შეადგინეთ AI ინიციატივების პორტფელი და მოამზადეთ პროექტების პირველი ტალღა გასაშვებად.
აქციეთ შესაძლებლობები პორტფელად – აიღეთ შესაძლებლობების სია და შეაფასეთ ხუთი კრიტერიუმით – სტრატეგიული შესაბამისობა, განხორციელებადობა, ხარჯი, რისკი და პოტენციური ღირებულება. მიუდექით AI ინიციატივებს, როგორც საინვესტიციო პორტფელს და არა როგორც შესასრულებელი საქმეების სიას. შექმენით მიზანმიმართული მიქსი – სწრაფი გამარჯვებები მოკლევადიანი შედეგებისთვის, საშუალოვადიანი პროექტები ღრმა ინტეგრაციისთვის და გრძელვადიანი ფსონები ბიზნესის ტრანსფორმაციისთვის.
განსაზღვრეთ და გაანაწილეთ კაპიტალი მიზნობრივად – დაიწყეთ სტრატეგიული პრიორიტეტებიდან. იკითხეთ, რა ინვესტიცია სჭირდება რეალურად თქვენს პორტფელს მიზნების მისაღწევად. თუ ეს რიცხვი არსებულ ბიუჯეტს აღემატება, თვალი გაუსწორეთ რეალობას. მთავარი კითხვაა – რა უნდა ჩავდოთ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და როგორ დავაფინანსოთ ეს?
დაგეგმეთ ექსპერიმენტების პირველი ტალღა – აირჩიეთ სამიდან ხუთამდე ყველაზე მაღალი შეფასების მქონე „სწრაფი გამარჯვების“ პროექტი და მოამზადეთ გასაშვებად. თითოეულს უნდა ჰყავდეს მფლობელი, ჰქონდეს ბიუჯეტი, გრაფიკი, წარმატების საზომი და შეფასების ეტაპი.
დღე 71-90 – გაშვება
მექანიზმი აშენებულია. პორტფელი სტრუქტურირებულია. ახლა პროცესი უნდა აამუშაოთ და მართვის მექანიზმები დანერგოთ.
გაუშვით პირველი ექსპერიმენტები – დაიწყეთ AI ექსპერიმენტების პირველი გაზომვადი ტალღა. სწრაფი, ხილული შედეგები ორგანიზაციული პარალიზების საუკეთესო ანტიდოტია – ისინი ამტკიცებენ, რომ ინოვაცია შესაძლებელია, რომ AI რეალურ შედეგს დებს და თქვენი აშენებული სისტემა მუშაობს. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა არ მუშაობს. ეს ინფორმაცია ისევე ფასობს, როგორც ექსპერიმენტის წარმატებული შედეგები.
შექმენით გრძელვადიანი მუშაობის მექანიზმები – ექსპერიმენტების დაწყებასთან ერთად, შექმენით მართვის სტრუქტურები. პირველ რიგში, ინოვაციების თემა ტოპ-მენეჯმენტის შეხვედრების მუდმივი დღის წესრიგი უნდა გახდეს. მეორე, სრულად უნდა დაინერგოს ეტაპობრივი კონტროლის დისციპლინა – ყოველი ახალი ინვესტიცია ეტაპობრივ შეფასებას მოითხოვს. მესამე, დაგეგმეთ პორტფელის კვარტალური განხილვის პროცესი, რომელიც უწყვეტი განვითარების ძრავად იქცევა.
გამოცადეთ თქვენი ორგანიზაციული დიზაინი – გააანალიზეთ, რა გასწავლათ პირველმა 70-მა დღემ თქვენს სტრუქტურაზე. მუშაობს თუ არა გადაწყვეტილების მიღების წესები პრაქტიკაში? მფლობელობის მოდელი ამართლებს თუ თავად იქცა ბარიერად? მოიტანა თუ არა მოტივაციის ცვლილებამ სასურველი შედეგი? იცვლება კულტურა თუ ძველი ჩვევები ბრუნდება? ეს ერთჯერადი პროცესი არ არის, სისტემას მუდმივი კორექტირება სჭირდება. თუმცა, მე-90 დღეს ის უკვე უნდა არსებობდეს და მუშაობდეს.
დაიწყეთ მეორე ციკლი – კვარტალურ შეხვედრაზე დასვით კითხვები – რა მუშაობდა? რა არა? რისი მასშტაბირება შეიძლება? რა უნდა შეჩერდეს? რა ვისწავლეთ ჩვენი ორგანიზაციის შესაძლებლობებზე? მიღებული პასუხები კვლავ პროცესში დააბრუნეთ და პორტფელი ახალი შესაძლებლობებით შეავსეთ.
ეს გეგმა ორგანიზაციას 90 დღეში სრულად ვერ შეცვლის, მაგრამ AI ტრანსფორმაციისკენ მოგზაურობას დანამდვილებით დაიწყებს. 90-დღიანი გეგმა მხოლოდ სტარტია, დანარჩენი გზა კი უკვე თქვენია.
წყარო: Fastcompany, www.marketer.ge