X-მა ალგორითმში ახალი ცვლილება შეიტანა – იმ მომხმარებლების პოსტს, რომლებსაც საერთო კონტაქტები ჰყავთ, უფრო ხილვადს გახდის ერთმანეთისთვის.
პლატფორმის თქმით, ალგორითმში ეს მონაცემი სათანადოდ გათვალისწინებული არ იყო, რის გამოც პასუხების (Replies) განყოფილებაში მომხმარებლები საკუთარ მეგობრებსა და ნაცნობებს უფრო იშვიათად ხედავდნენ.
„ამის გამო კომენტარების სექცია ხშირად ბრძოლის ველს ჰგავდა, სადაც, ძირითადად, უცნობი ადამიანები ჩანდნენ,“ – აღნიშნავს X.
ცვლილება, შესაძლოა, X-ის გამოყენების გამოცდილებას რადიკალურად არ ცვლიდეს, თუმცა პლატფორმას უფრო მეტად ამსგავსებს საზოგადოებრივ სივრცედ, ვიდრე ისეთ ადგილად, სადაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხმები ერთმანეთის გადაფარვას ცდილობენ.
განახლება ასევე გაამარტივებს საერთო ინტერესების მქონე მომხმარებლების გაერთიანებას, რასაც ბევრი დიდი ხანია ითხოვდა.
ბოლო პერიოდში X-მა არაერთი ცვლილება დანერგა, რომელთა უმეტესობაც კონტენტის შემქმნელების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. წლის დასაწყისში კომპანიამ შემოსავლების განაწილების სისტემა შეცვალა, რათა ორიგინალური კონტენტის შექმნა წაეხალისებინა და არა უკვე არსებული მასალების გადაზიარება. ამ თვეში კი პლატფორმას ჩაშენებული ვიდეორედაქტორიც დაემატა, რომელიც პირდაპირ X-ში აძლევს საშუალებას მომხმარებლებს, დაამუშაონ ვიდეოები.
ეს განახლება იმის ფონზე გამოვიდა, როცა Meta-ს Threads-იც აქტიურად ცვლის საკუთარ ალგორითმს, რათა პლატფორმაზე უფრო ძლიერი თემატური საზოგადოებები ჩამოყალიბდეს და X-ისგან მეტად გამორჩეული გახდეს. მაგალითად, გასულ თვეს Threads-მა Your Algo ფუნქცია წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვრონ, რა კონტენტი გამოჩნდება მათ მთავარ გვერდზე. ამასთან, პლატფორმამ უკვე 500 მილიონ აქტიურ მომხმარებელს მიაღწია თვეში.
წყარო: www.marketer.ge