ორი ინფორმირებული წყაროს ცნობით, Tesla-ს ჩინელი მომწოდებლებისგან 2.9 მილიარდი დოლარის ღირებულების მზის პანელებისა და ელემენტების საწარმოო აღჭურვილობის შეძენა სურს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი აშშ-ში მზის ენერგიის სიმძლავრის 100 გიგავატით გაზრდას გეგმავს - წერს Reuters-ი.

იანვარში მასკმა განაცხადა, რომ მზის ენერგიას შეერთებული შტატების ელექტროენერგიის სრული საჭიროების დაკმაყოფილება შეუძლია - მათ შორის მზარდი რაოდენობის მონაცემთა ცენტრებიდან მომდინარე მუდმივად მზარდი მოთხოვნისაც.

წყაროს თანახმად, Suzhou Maxwell Technologies-ი, რომელიც მზის ელემენტების დასამზადებლად საჭირო ტრაფარეტული ბეჭდვის აღჭურვილობის მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია, პროექტისთვის დანადგარების მიწოდების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსგან ექსპორტის ნებართვას ითხოვს.

სხვა პოტენციურ მომწოდებლებს შორის არიან Shenzhen S.C New Energy Technology და Laplace Renewable Energy Technology.

დაახლოებით 20 მილიარდი იუანის (2.9 მილიარდი დოლარი) ღირებულების აღჭურვილობის ნაწილს, მათ შორის ტრაფარეტული ბეჭდვის საწარმოო ხაზებს, ჩინური მარეგულირებლებისგან ექსპორტის ნებართვა დასჭირდება. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა მოცულობის აღჭურვილობას დასჭირდება დამტკიცება ან რა დრო დასჭირდება ამ პროცესს.

ჩინურ კომპანიებს აღჭურვილობის მიწოდება მიმდინარე წლის შემოდგომამდე დაევალათ. წყაროს თქმით, ტვირთი ტეხასში გაიგზავნება. მასკი გეგმავს, რომ მზის ენერგიის ეს სიმძლავრეები ძირითადად Tesla-მ გამოიყენოს, თუმცა ნაწილი SpaceX-ის თანამგზავრების ენერგომომარაგებას მოხმარდება.

ეს პოტენციური შეკვეთა ხაზს უსვამს ერთ მნიშვნელოვან პრობლემას აშშ-სთვის, რომელიც ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს: აშშ-ის წარმოების გაძლიერება მაინც მოითხოვს გარკვეული დონის ვაჭრობას მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან.

bm.ge