ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ირანს აქვს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 4 000 კილომეტრია.

მათი თქმით, ეს ნიშნავს, რომ თეირანს აქვს იარაღი, რომელსაც „შეუძლია, ლონდონამდე, პარიზამდე ან ბერლინამდე მიაღწიოს“.

თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანი უკვე დაესხა თავს რეგიონის თორმეტ ქვეყანას, თუმცა მას გაცილებით დიდი ზიანის გამოწვევაც შეუძლია.

„ირანის ტერორისტულმა რეჟიმმა ოპერაცია „ლომის ღრიალის“ დაწყებიდან პირველად გაუშვა შორი მოქმედების რაკეტა, რომლის ფრენის რადიუსიც დაახლოებით 4000 კმ-ს შეადგენს. 2025 წლის ივნისში, ოპერაცია „აღმავალი ლომის“ დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოავლინეს, რომ ირანის რეჟიმს განზრახული ჰქონდა, შეემუშავებინა 4000 კმ-ის რადიუსის მქონე რაკეტები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიდა ევროპის, აზიისა და აფრიკის ათობით ქვეყანას. ირანის რეჟიმმა ეს უარყო. ჩვენ ვამბობდით: ირანის ტერორისტული რეჟიმი გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს, რაც ახლა დადასტურდა რაკეტებით, რომლებსაც შეუძლიათ ლონდონამდე, პარიზამდე ან ბერლინამდე მიღწევა. ირანის ტერორისტულმა რეჟიმმა თავდასხმები განახორციელა რეგიონში თორმეტი ქვეყნის წინააღმდეგ და ავითარებს შესაძლებლობებს, რომლებიც გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაური აცხადებს, რომ ირანის „ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები“ აშშ-სა და ისრაელს „გააოცებს“.

სეიედ მაჯიდ მუსავის თქმით, ირანი ღამით ისრაელის მიმართულებით მეტ რაკეტას გაუშვებს.

„ამ მომენტიდან ვაცხადებ ირანის რაკეტების დომინირებას ოკუპირებული ტერიტორიების ცაზე. ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გაოცებულს დატოვებს“, – განაცხადა მან.