ბრიტანულმა AI-სტარტაპმა Synthesia ახალი პროდუქტი Roleplay Sessions წარადგინა, რომელიც თანამშრომლებს რთული პროფესიული სიტუაციების პრაქტიკულად გავლაში ეხმარება.

თუ აქამდე კომპანია ძირითადად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სასწავლო ვიდეოების სწრაფად შექმნით იყო ცნობილი, ახალი პლატფორმა სხვა პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული – არა მხოლოდ ცოდნის მიწოდებაზე, არამედ იმის დადასტურებაზეც, რომ თანამშრომელმა ეს ცოდნა რეალურად აითვისა.

როგორ მუშაობს Roleplay Sessions

პლატფორმა თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, AI-ავატარებთან ინტერაქციულ რეჟიმში ივარჯიშონ ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა:

  • გაყიდვების პრეზენტაციები;
  • რთული მოლაპარაკებები;
  • თანამშრომლის შეფასება;
  • მომხმარებელთა საჩივრების მართვა.

AI-ავატარი საუბარში აქტიურად ერთვება, კითხვებს სვამს, არგუმენტებს უპირისპირებს და სესიის დასრულების შემდეგ მომხმარებელს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს.

რატომ გადაწყვიტა კომპანიამ ახალი მიმართულების განვითარება

სასწავლო ვიდეოები და დოკუმენტები ინფორმაციის გადაცემისთვის ეფექტურია, თუმცა ადამიანები საუკეთესო შედეგს პრაქტიკული გამოცდილებით აღწევენ. კომპანია ეყრდნობა კვლევებს, რომლებიც აჩვენებს, რომ კორპორაციული ტრენინგების დიდი ნაწილი მხოლოდ ინფორმირებით შემოიფარგლება და რეალურ ქცევით ცვლილებას ნაკლებად იწვევს. სწორედ ამიტომ, Roleplay Sessions პრაქტიკაზე და უკუკავშირზეა დაფუძნებული.

ახალი პროდუქტი Synthesia-ს სტრატეგიაშიც მნიშვნელოვან ცვლილებას ასახავს.

კომპანიის ავატარებისა და ხმის ტექნოლოგია საკუთრივ Synthesia-ს ეკუთვნის, თუმცა ძირითადი AI-ინტელექტი OpenAI-ს მოდელებზეა დაფუძნებული.

კომპანიის ინფორმაციით, Roleplay Sessions-ს უკვე იყენებს რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაცია. ყველაზე პოპულარული გამოყენების შემთხვევები ამ ეტაპზე გაყიდვების გუნდებისა და მენეჯერების ტრენინგებია, სადაც თანამშრომლები პროდუქტის გაყიდვას, მოლაპარაკებების წარმართვასა და რთული კომუნიკაციის მართვას სწავლობენ.

Synthesia-ს შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების შემდეგი ეტაპი სწორედ ის იქნება, როდესაც კომპანიები AI-ს არა მხოლოდ შთამბეჭდავი დემოებისთვის, არამედ კონკრეტული და გაზომვადი ბიზნესშედეგების მისაღწევად გამოიყენებენ.

www.marketer.ge