თბილისში 14 აგვისტოს საღამოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და მეტროსადგურები „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი თამარაშვილის გამზირზე დაფიქსირდა.

ძლიერი ნალექის გამო გართულებული იყო საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ქუჩების დატბორვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა წყნეთიდან და თბილისის სხვა ტერიტორიებიდანაც.

საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე, დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით მიმდებარე კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

ძლიერი წვიმის დროს პრევენციის მიზნით დროებით ჩაიკეტა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი, ე.წ. ახალი გზა, რომელიც მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს. მოგვიანებით გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. სწორედ ამ ხეობაში მოხდა 2015 წლის 13 ივნისის სტიქია, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები და რაიონული გამგეობები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებული იყვნენ „თბილსერვის ჯგუფი“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

გარემოს ეროვნული სააგენტო მანამდე აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ 14 აგვისტოს გვიანი საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე თბილისში, კახეთსა და ქვემო ქართლში მოსალოდნელი იყო პერიოდულად ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს შეფასებით, ძლიერ ნალექს მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნების, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება შეეძლო. საფრთხის დონე საშუალოდ იყო შეფასებული.