კახელი მევენახეები და ფერმერები ყურძნის ჩაბარების პირობებსა და შესყიდვის დაბალ ფასს აპროტესტებენ.
საპროტესტო აქცია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ადგილზე, ასევე, მიმდებარე სოფლებიდან მოქალაქეების მისვლას ელოდებიან.
„შეგიძლიათ, მობრძანდეთ და გვერდში დაგვიდგეთ. გავერთიანდეთ, თორემ სხვანაირად საშველი არა მგონია, რომ გვქონდეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მევენახეების ძირითადი საპროტესტო კერები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებშია, სადაც ყურძნის ჩამბარებელი პუნქტები და ღვინის ქარხნები მდებარეობს.
ღვინის საწარმოებთან პროტესტია გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც.
აქციის მონაწილეები ყურძნის ჩაბარების პირობების გადახედვასა და შესყიდვის ფასის გაზრდას ითხოვენ.
„ნაგვის ფასს გვაძლევენ“, - ამბობენ მევენახეები. მათი თქმით, ყურძნის ფასი მინიმუმ 80-90 თეთრი უნდა იყოს და არსებული პირობებით მევენახეების შრომა სათანადოდ არ ფასდება.
ერთ-ერთი მევენახე ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ წლების წინ გაცემული შეღავათიანი კრედიტებით საფერავის ვენახები გააშენეს, რის გამოც დღევანდელი პირობები მათთვის განსაკუთრებით მძიმეა. მისი თქმით, ყურძნის წარმოების ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და არსებული ფასი რეალურ დანახარჯებს ვერ ასახავს.
კიდევ ერთი ფერმერი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ მთავარი პრობლემა 30-თეთრიანი ტარიფია. მისი თქმით, ამ ფასად მიღებული შემოსავალი ოჯახური ხარჯებისა და არსებული ვალდებულებების დასაფარად საკმარისი არ არის.
მევენახეების ნაწილი ყურადღებას უკვე დაკრეფილი ყურძნის ჩაბარების გაჭიანურებაზეც ამახვილებს. როგორც პროტესტის მონაწილე მევენახეები ამბობენ, მოსავლის ადგილზე გაჩერება დამატებით რისკს ქმნის, რადგან ყურძნის ხარისხი დროთა განმავლობაში უარესდება.
„30 თეთრს რომ გვიწერენ, მუშის ფული და მანქანის ფული არ არის აქამდე, ყურძენი რომ მოვიტანოთ. დანარჩენი რამდენი შრომა უნდა. ერთი მანქანა დავკრიფე გუშინ, პირველი მანქანაა. ერთი, 15 მანქანა დასაკრეფი მაქვს. ის ხომ ფუჭდება თავისებურად. ძალამოსული ყურძენი რომ არის, უკვე სუნს იღებს“, - აცხადებს მევენახე.