აზერბაიჯანი ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს. ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ამ ეტაპზე აზერბაიჯანული ელექტროენერგიის ევროპულ ბაზარზე გასატანად არსებული მარშრუტი საქართველოზე და თურქეთზე გადის.
„დღეს ერთადერთი მარშრუტი საქართველო, თურქეთი და შემდეგ ევროპაა. ჩვენ ეს მარშრუტი უნდა გავაფართოოთ“, განაცხადა ალიევმა 11 აგვისტოს ნახიჩევანში, Azerbaijan Television-თან ინტერვიუში.
აზერბაიჯანის გეგმებს რეგიონული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაც უკავშირდება. Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ბულგარეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ელექტროენერგიის გადაცემის ახალი დერეფნის შექმნაზე მუშაობენ. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა პროექტი TANAP-ის ელექტროენერგეტიკულ ანალოგად შეაფასა. თურქეთი ასევე გეგმავს საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და ბულგარეთთან ელექტროგადამცემი კავშირების გაძლიერებას.
ევროპასთან დაკავშირების კიდევ ერთი მიმართულებაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი. მასში საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი მონაწილეობენ. პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიის ელექტროსისტემის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან პირდაპირ დაკავშირება.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული კაბელის სიმძლავრე 1 300 მეგავატი იქნება, მისი საერთო სიგრძე კი 1 155 კილომეტრს გადააჭარბებს, საიდანაც დაახლოებით 1 115 კილომეტრი შავი ზღვის ფსკერზე გაივლის. პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადად 2030 წელია დასახელებული.
Reuters-ის ცნობით, პროექტის მონაწილე ოთხმა ქვეყანამ 2024 წელს ერთობლივი კომპანია Green Energy Corridor Power Company შექმნა, რომელმაც პროექტის განვითარება უნდა უზრუნველყოს. ევროკომისია პროექტს ევროპის ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციის ნაწილად განიხილავს.
ამასთან, რეგიონში მომავალში შესაძლოა კიდევ ერთი ენერგეტიკული მარშრუტიც გაჩნდეს. Reuters-ის ინფორმაციით, სომხეთი და აზერბაიჯანი ელექტროსისტემების დაკავშირებას განიხილავენ TRIPP-ის პროექტის ფარგლებში, თუმცა ამ მიმართულების განხორციელების ვადები და ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
წყაროები: