აშშ ათეულობით ქვეყანას მოუწოდებს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ვაშინგტონისა და პეკინის კონკურენტ ინიციატივებს შორის არჩევანი გააკეთონ. ამის შესახებ Reuters აშშ-ის ოფიციალურ პირსა და სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით წერს.
Reuters-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული წერილის პროექტი განკუთვნილია 35 ქვეყნისთვის, რომლებმაც ივნისში აშშ-ის „AI Opportunity Statement“-ს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ის მიერ ინიცირებულ Pax Silica-სთან ერთად ჩინეთის კონკურენტ AI ორგანიზაციაშიც გაწევრიანდებიან, შესაძლოა ამერიკულ კოალიციაში მონაწილეობა შეეზღუდოთ. წერილის გაგზავნის თარიღი ჯერ უცნობია და Reuters აღნიშნავს, რომ მისი ტექსტი საბოლოო არ არის.
Pax Silica აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივაა, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარებისა და კრიტიკული მინერალების მიწოდების უსაფრთხო ჯაჭვების შექმნა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ინიციატივა ეკონომიკური და ტექნოლოგიური უსაფრთხოების სფეროში მოკავშირეებსა და სანდო პარტნიორებს აერთიანებს.
Reuters-ის ცნობით, Pax Silica-ს დაახლოებით ორი ათეული ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და ყაზახეთი. ყაზახეთი ამ ეტაპზე ერთადერთი ცნობილი ქვეყანაა, რომელიც აშშ-ის ინიციატივასთან ერთად ჩინეთის მიერ მხარდაჭერილ World Artificial Intelligence Cooperation Organization-შიც მონაწილეობს.
ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციის შექმნის შეთანხმებას 16 ივლისს 29 ქვეყანამ მოაწერა ხელი. პეკინის განცხადებით, მისი მიზანი ხელოვნური ინტელექტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და გლობალური მმართველობის ხელშეწყობაა.
აშშ-ის ეს ნაბიჯი ვაშინგტონსა და პეკინს შორის AI ტექნოლოგიების, ნახევარგამტარებისა და კრიტიკული რესურსების კონტროლისთვის მზარდ კონკურენციას უკავშირდება. ჯერ კიდევ 2025 წელს თეთრმა სახლმა ამერიკული AI ტექნოლოგიების სრული ეკოსისტემის, მათ შორის აპარატურის, მოდელების, პროგრამული უზრუნველყოფისა და შესაბამისი სტანდარტების, საერთაშორისო ბაზრებზე გავრცელება ოფიციალურ პოლიტიკად გამოაცხადა.
წყაროები:
https://www.state.gov/pax-silica
https://www.state.gov/ai-opportunity-statement