საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი მუშაობენ გეგმაზე, რომელმაც რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.
The New York Times-ის ინფორმაციით, პარიზი, ბერლინი და ლონდონი ცდილობენ შეიმუშაონ ფორმატი, რომელიც ევროპულ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, აქტიური როლი შეასრულონ ომის დასრულების შესახებ მომავალ მოლაპარაკებებში.
ევროპული ქვეყნების ამ მიმართულებით მუშაობას სხვა საერთაშორისო წყაროებიც ადასტურებენ. Reuters ჯერ კიდევ ივნისში წერდა, რომ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ე.წ. E3 ჯგუფი, განიხილავდნენ რუსეთთან დიალოგის შესაძლო ფორმატს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ევროპისთვის მნიშვნელოვანია ისეთი მოლაპარაკებების ფორმატის შექმნა, რომელიც მისთვის ლეგიტიმური და ეფექტიანი იქნება.
7 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მხარი დაუჭირეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს, შეერთებული შტატებისა და ევროპის აქტიური მონაწილეობით.
რამდენიმე დღის შემდეგ სამი ქვეყნის ელჩები მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდნენ და კვლავ დააფიქსირეს მხარდაჭერა კიევსა და მოსკოვს შორის აშშ-ისა და ევროპის მონაწილეობით მოლაპარაკებების მიმართ.
ამ ეტაპზე კონკრეტული მოლაპარაკებების ფორმატი და მისი მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმებული არ არის. შესაბამისად, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ინიციატივა უფრო ფართო დიპლომატიური პროცესის ნაწილია, რომლის მიზანიც ევროპის როლის შენარჩუნებაა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლო მოლაპარაკებებში.
წყაროები:
https://www.reuters.com/world/europe/zelenskiy-uk-talks-with-starmer-macron-merz-2026-06-07/
https://uk.diplomatie.gouv.fr/en/france-uk-and-germany-voice-unwavering-support-ukraine