ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტის ფონზე ალტერნატიული არხებით მიღებული ბენზინი ძვირდება. დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრ ბატალ მუშბას განცხადებით, 15 აგვისტოდან ამ გზით მიწოდებული საწვავის საცალო ფასი ლიტრზე 110 რუბლს მიაღწევს.
მუშბას განმარტებით, ფასის ზრდა ალტერნატიული წყაროებიდან საწვავის უფრო მაღალ შესასყიდ ღირებულებას უკავშირდება. მისი თქმით, კომპანიები აღნიშნულ საწვავს დამატებითი მოგების მარჟის გარეშე ყიდიან.
აფხაზეთში საწვავის პრობლემები რუსეთის ბაზარზე შექმნილ დეფიციტს დაემთხვა. Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, ივლისში ქვეყნის ბენზინის წარმოება სეზონური საშუალო მოთხოვნის დაახლოებით 65%-მდე შემცირდა. დეფიციტის შესამცირებლად რუსეთმა საწვავის იმპორტი გაზარდა და ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე შეზღუდვები გაამკაცრა.
რუსული სააგენტო Interfax 10 აგვისტოს წერდა, რომ აფხაზეთში რუსეთიდან დამატებით 1 000 ტონაზე მეტი ბენზინის შეტანა იგეგმებოდა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ აცხადებდნენ, რომ მიწოდება მცირე პარტიებით გრძელდებოდა, თუმცა ლოგისტიკური შეფერხებები და ტურისტულ სეზონზე გაზრდილი მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე დამატებით წნეხს ქმნიდა.
საწვავის დეფიციტის პირობებში რეგიონმა მომარაგების ალტერნატიული არხების გამოყენებაც დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საწვავი აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაც შევიდა. მისი განცხადებით, მიწოდება სახელმწიფოს არ განუხორციელებია და პროცესში კერძო ბიზნესი მონაწილეობდა.
რუსეთის საწვავის ბაზარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. Reuters-ის ცნობით, მოსკოვმა ბენზინისა და რიგი სხვა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები 2027 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა, რაც შიდა ბაზარზე მიწოდების სტაბილიზაციას ემსახურება.
წყაროები:
https://www.interfax.ru/business/1108548
https://www.currenttime.tv/a/privezli-benzin-v-abhaziyu-rezonans/33829759.html