საბერძნეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ხანძრებთან საბრძოლველად კოსმოსური თანამგზავრების ქსელის გამოყენება დაიწყო. ახალი სისტემა ხანძრის დროულად აღმოჩენისა და ჩაქრობის შესაძლებლობას თითქმის 100 პროცენტამდე ზრდის.
მაისში დედამიწის დაბალ ორბიტაზე ოთხი მცირე ზომის თანამგზავრი გაუშვეს. თითოეული მათგანი ხელბარგზე პატარაა. თანამგზავრები კოსმოსური დაკვირვების სპეციალური სისტემის ნაწილი გახდა, რომელიც საბერძნეთის ტყის ხანძრებთან ბრძოლის ეროვნულ სამსახურში ჩართეს.
აპარატები აღჭურვილია თერმული სენსორებით, რომლებსაც მხოლოდ ოთხი კვადრატული მეტრის ფართობის ახალი კერის აღმოჩენაც კი შეუძლია. ეს მათ ჩვეულებრივ თანამგზავრებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს, რადგან სტანდარტული თანამგზავრები ხშირად მხოლოდ საკრუიზო გემის ზომის ხანძარს აფიქსირებენ.
ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ორბიტიდან მიღებული მონაცემები ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მუშავდება და მართვის ცენტრს ეგზავნება. ინფორმაცია მოიცავს ხანძრის ზუსტ მდებარეობას, ფართობსა და ინტენსივობას.
თუ რამდენიმე ხანძარი ერთდროულად გაჩნდება, თანამგზავრების მიერ მიწოდებული მონაცემები საგანგებო სამსახურებს დაეხმარება განსაზღვრონ, სად არის ვითარება ყველაზე მძიმე და რომელი მიმართულებით უნდა გაგზავნონ ძალები პირველ რიგში.
თერმული სენსორები მხოლოდ ცეცხლზე არ რეაგირებს. მათ შესაძლოა მზის პანელები, გახურებული ქარხნის სახურავები ან მზისგან გაცხელებული კლდეებიც დააფიქსირონ.
თუმცა პროგრამაში ჩართული ინჟინრების განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის მოდელები ისეა შექმნილი, რომ მსგავსი ცრუ განგაშის სიგნალები მართვის ცენტრში გაგზავნამდე ამოიცნოს და გაფილტროს.
ხანძრებთან ბრძოლა საბერძნეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის მიზეზია ქვეყნის ცხელი კლიმატი, მშრალი ქარები, მთიანი რელიეფი და 100-ზე მეტი დასახლებული კუნძული.
კუნძულებზე დახმარების ჩასვლას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს, ამიტომ ხანძრის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ახალი თანამგზავრული სისტემა კი საგანგებო სამსახურებს საშუალებას მისცემს, ცეცხლის კერები სწრაფად გამოავლინონ და რეაგირება მანამდე დაიწყონ, ვიდრე ხანძარი დიდ ტერიტორიაზე გავრცელდება.