ირლანდიის მთავრობის ბიზნესის განვითარების სააგენტოს, Enterprise Ireland-ის მონაცემებით, ირლანდია აშშ-ში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყაროების ათეულში მეხუთე ადგილს იკავებს. მხოლოდ ტოპ 10 ირლანდიურ კომპანიას შტატებში 125 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. Enterprise Ireland-ის გენერალური დირექტორის, ჯენი მელიას თქმით, ეს მაჩვენებელი აშშ-ის ბაზრის მიმართ მათ ნდობასა და ზრდის შესაძლებლობების მასშტაბებზე მეტყველებს.

ბოლო წლებში, ირლანდიური ბიზნესი განსაკუთრებით აქტიურად დებს ინვესტიციებს აშშ-ის მონაცემთა ცენტრების მიმართულებით. ამას ხელს უწყობს ამერიკულ ტექ-გიგანტებთან მრავალწლიანი ურთიერთობა, რომლებიც საკუთარ ევროპულ ოპერაციებს სწორედ ირლანდიიდან მართავენ. ირლანდიამ წლების განმავლობაში დააგროვა უდიდესი გამოცდილება მონაცემთა ცენტრების მასპინძლობისა და ელექტროქსელებზე მათი გავლენის მართვის კუთხით. მართალია, საკუთარ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის შემდგომ გაფართოებას გარემოზე ზემოქმედების გამო დიდი წინააღმდეგობა ხვდება, მაგრამ სწორედ ამ 20-30-წლიანმა გამოცდილებამ აქცია ირლანდიური კომპანიები ევროპაში მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ლიდერებად.

ახლა ისინი სულ უფრო ხშირად იყურებიან აშშ-ისკენ. იქ ირლანდიური კომპანიები და მზარდი რაოდენობის ამერიკელი თანამშრომლები ქმნიან იმ ინფრასტრუქტურას, ინსტრუმენტებსა და მასალებს, რაც აუცილებელია მონაცემთა ცენტრების განვითარებისთვის, რასაც, თავის მხრივ, ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული უზარმაზარი ინვესტიციები განაპირობებს.

კომპანია H&MV Engineering-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, დეივიდ მაჰერი ამ პროცესს მარტივი ეკონომიკური პრინციპით ხსნის – ეს არის მიწოდებისა და მოთხოვნის საკითხი, რაც ამჟამად უდიდეს შესაძლებლობებს აჩენს. H&MV აშენებს ინფრასტრუქტურას, რომელიც ენერგიის მსხვილ მომხმარებლებს, როგორიცაა მონაცემთა ცენტრები) და გენერაციის ობიექტებს, მაგალითად, მზის ელექტროსადგურებს, საერთო ელექტროქსელთან აკავშირებს. კომპანიის შემოსავალი წელიწადში 1 მილიარდ დოლარს აღწევს, იანვარში კი მათ ტეხასში დაფუძნებული Cooke Power Services შეისყიდეს. მაჰერის ვარაუდით, მათზე მოთხოვნა მონაცემთა ცენტრების ბუმის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება, რადგან ენერგოკომპანიები განაგრძობენ განახლებადი ენერგიისა და ელემენტების საცავების ტექნოლოგიების დანერგვას.

ამ ოპტიმისტურ განწყობას იზიარებენ აშშ-ში მოქმედი სხვა ირლანდიური კომპანიებიც. ისინი აღნიშნავენ, რომ არსებული მონაცემთა ცენტრების მუდმივი განახლება, ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერა და ეფექტურობის გაზრდა აუცილებელი პროცესია.

Portwest ამჟამად კენტუკიში მართავს სადისტრიბუციო ცენტრს, სადაც ისეთ ინოვაციურ ეკიპირებაზე ზრუნავენ, როგორიცაა მსუბუქი დამცავი ტანსაცმელი. ის მუშებს ელექტროობისგან იცავს და, ამავდროულად, გადახურების რისკს ამცირებს. კომპანიამ ამ 71 000 კვადრატული ფუტის ფართობის ობიექტში 4.4 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო და მიმდინარე წელს ნევადაში მეორე ცენტრის გახსნას გეგმავს. მოსალოდნელია, რომ მომდევნო ორ წელიწადში აშშ-ში მათი თანამშრომლების რაოდენობა 100-დან 200-მდე გაიზრდება.

ირლანდიას მუშაობის ახალ გზებთან ადაპტაციის, კრეატიული იდეებისა და პრობლემების გადაჭრის დიდი ისტორია აქვს, რასაც განათლების სისტემაში STEM მიმართულების სიძლიერეც ემატება. ეს კულტურა იდეალურად ერგება ამერიკულ ბიზნესთან თანამშრომლობას. ირლანდიელებს უყვართ პრობლემის პოვნა და მისი გადაჭრა, რაც ძალიან კარგად ეწყობა ამერიკელების ენერგიულ და მიზანმიმართულ მიდგომას.

გარდა ამისა, ირლანდიური კომპანიები ნერგავენ ტექნოლოგიებს, რომლებიც მონაცემთა ცენტრებისა და სხვა სტრუქტურების მშენებლობასა და ოპერირებას უფრო ეფექტურს ხდის. მაგალითად, გასულ წელს ირლანდიურმა Midland Steel-მა ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა აშშ-ის ფოლადის უმსხვილეს მწარმოებელ Nucor-თან. ხელშეკრულება ეხება არმატურის ტექნოლოგიის FasterFix ლიცენზირებას, რაც მშენებლობის დროს საგრძნობლად ამცირებს და Nucor-ის ფოლადის გადამუშავების სისტემებთან ინტეგრაციით ნარჩენებს მინიმუმამდე დაჰყავს.

წყარო: Fastcompany,  www.marketer.ge