ვიქტორ ორბანი აგრძელებს გამარჯვებას იმაში, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, მადლობა ყველას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საღი აზრისა და კონსერვატიული პრინციპებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ და უნგრეთი აჩვენებენ გზას განახლებული დასავლეთისკენ.

„მინდა, პრემიერ-მინისტრს, ჩემს დიდ მეგობარს, ვიქტორ ორბანს, რომელსაც მხარს ვუჭერ, ვუსურვო საუკეთესო სურვილები. მხარს ვუჭერ მის არჩევნებს, რომელიც მალე გაიმართება. მას ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს. პრემიერ-მინისტრი ძლიერი ლიდერია, რომელმაც მთელ მსოფლიოს აჩვენა, რა არის შესაძლებელი, როდესაც იცავ შენს საზღვრებს, შენს კულტურას, მემკვიდრეობას, სუვერენიტეტსა და  ღირებულებებს. ის ფანტასტიკური ადამიანია და მისი მხარდაჭერა დიდი პატივია. მე მხარი დავუჭირე მას წინა ჯერზე, როდესაც გაიმარჯვა და ფანტასტიკური სამუშაო გასწია თავისი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით საზღვრების საკითხებში, სადაც მიუხედავად დანაშაულებისა და ყველა პრობლემისა, რომელიც სხვა ქვეყნებს აქვთ, თქვენ ეს პრობლემა არ გაქვთ. თქვენ გაქვთ ძალიან, ძალიან ძლიერი საზღვრები და ამაზე პასუხისმგებელი ის არის. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით.

მიუხედავად ყველა თავდასხმისა, უნდა გესმოდეთ, რომ ვიქტორ ორბანი აგრძელებს გამარჯვებას იმაში, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. ჩვენ გვინდა გამარჯვება, მაგრამ გვინდა, გავიმარჯვოთ სამართლიანად, თუმცა დამაჯერებლად. მადლობა ყველას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საღი აზრისა და კონსერვატიული პრინციპებისთვის და ასევე საერთო ცივილიზაციისთვის, რომელსაც იზიარებენ ამერიკელები, უნგრელები და ევროპელები. ჩვენი ორი ქვეყანა აჩვენებს გზას განახლებული დასავლეთისკენ, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს, აღზრდის ჩვენს შვილებს და წარუძღვება მსოფლიოს მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ენერგეტიკის საკითხზე და თქვენც განაგრძობთ მუშაობას მიგრაციის საკითხზე, რადგან ევროპამ უნდა დაიწყოს როგორღაც მოქმედება. მათ ბევრი პრობლემა აქვთ და უნდა იმოქმედონ და ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით, თუმცა ძალიან დიდი შრომა მოუწევთ ამ პრობლემის გადასაჭრელად“, – განაცხადა ტრამპმა.

მახსოვს, ერთი წლის წინ ერთად აღვნიშნეთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვება. ეს ზღაპრული წარმატება იყო მსოფლიოს პატრიოტული ძალებისთვის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დასავლური სამყარო უკეთესი ადგილი გახდა, ხოლო გენდერული პროპაგანდა და „ვოუქიზმი“ შემცირდა.

„ამაყად შეგიძლიათ, ქრისტიანობა ჩვენი ცივილიზაციის საფუძვლად და გამაერთიანებელ ძალად ჩათვალოთ. დედა ქალია და მამა – კაცი, ხოლო ოჯახი ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ჩვენ არ გვინდა მიგრაცია. ჩვენ ასევე შევაჩერეთ „მწვანე სიგიჟე“. სამყაროს დაცვა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი და ეს ცვლილება პრეზიდენტ ტრამპის დამსახურებაა. დიდი მადლობა ამისთვის“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში კონსერვატიული ძალები ძლიერდებიან. მან ანდრეი ბაბიშს ჩეხეთში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მოვლენები მსგავსი სცენარით პოლონეთშიც განვითარდება.

„აქ, ევროპაში, ჩვენც გავძლიერდით. ანდრეი ბაბიშმა გაიმარჯვა ჩეხეთის არჩევნებში. ჩეხეთის გარეშე ძლიერი ცენტრალური ევროპა არ არსებობს. გილოცავთ, ანდრეი. ჩვენ თქვენი დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ თქვენთან ვართ და თქვენთან ვდგავართ ამ ტერორისტული თავდასხმის შემდეგაც. ბატონებო, ველოდებით პოლონეთს ნახევარი ფუტით. ჩემმა მეგობარმა მაკიმ და მისმა გუნდმა ბარიერი უკვე გადალახეს. ვიშეგრადის ქვეყნების ჯგუფში (V4) უკვე „სამ-ნახევარი“ ქვეყანაა. ჩვენს არჩევნებთან ერთად, ველოდებით პოლონეთის არჩევნებს, რომელიც მნიშვნელოვანია. გთხოვთ, შეასრულოთ თქვენი მისია“, – განაცხადა ორბანმა.