უნდა მიაწოდოს თუ არა გერმანიამ უკრაინას „ტაურუსის“ მოდელის ფრთოსანი რაკეტები? ბოლო გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 61% რაკეტების გადაცემის წინააღმდეგია. ასეთი განწყობა განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაშია თვალშისაცემი. განსხვავებული პოზიცია მხოლოდ „მწვანეთა“ პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობას აქვს.

„ტაურუსის“ ირგვლივ დებატები გერმანიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის უფლება მისცა. უნდა მიაწოდოს თუ არა გერმანიამ ფრთოსანი რაკეტები უკრაინას, რუსეთთან აგრესიულ ომში თავის დასაცავად? ბოლო კვლევის მიხედვით, უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება: გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ გერმანიის მთავრობამ უკრაინას „ტაურუსები“ არ უნდა გადასცეს.

გამოკითხულთა 27% კი მიიჩნევს, რომ გერმანიამ უკრაინას ფრთოსანი რაკეტები არა მარტო უნდა მიაწოდოს, არამედ კიევს იმის ნებაც დართოს, რომ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. რაკეტების გადაცემას გამოკითხულთა კიდევ სამი პროცენტი იმ პირობით ემხრობა, თუ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის არ იქნება გამოყენებული.

უკრაინისთვის „ტაურუსების“ მიწოდების მომხრე მხოლოდ „მწვანეების“ მხარდამჭერთა უმრავლესობაა

პარტიული კუთხით საკითხის კვლევისას გაირკვა, რომ „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას მხოლოდ გერმანელ „მწვანეთა“ მხარდამჭერების უმრავლესობა უჭერს მხარს, თანაც - რუსეთის წინააღმდეგ მათი გამოყენების ნებართვით. ასე ფიქრობს „მწვანეთა“ მხარდამჭერების 51 პროცენტი, 30 პროცენტი კი მიწოდების წინააღმდეგია. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) მხარდამჭერებს შორის 37% რაკეტების შეუზღუდავი მიწოდების მომხრეა, 48% - წინააღმდეგი. სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერებს შორის თანაფარდობა 34/56-ზეა.

სრულიად განსხვავებული სურათია ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და ულტრამემარცხენე სარა ვაგენკნეხტის მხარდამჭერთა ბანაკებში. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდამჭერთა 93% „ტაურუსების“ გადაცემას ეწინააღმდეგება, სარა ვაგენკნეხტის მხრდამჭერებს შორის კი ეს მაჩვენებელი 97%-ს აღწევს.

უარყოფითი განწყობა აღმოსავლეთ გერმანიაში უფრო მკაფიოა, ვიდრე დასავლეთში

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ გერმანიაში გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა უკრაინისთვის „ტაურუსების“ გადაცემას ეწინააღმდეგება. ძველი ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ მიწებზე მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 56 პროცენტია, აღმოსავლეთ გერმანიის (ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) ფედერალურ მიწებზე კი - 76 პროცენტი.

„ტაურუსების“ გადაცემის საკითხის მიმართ მოსახლეობის განწყობაში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა - გასული წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვის დროს, გამოკითხულთა 61% ფრთოსანი რაკეტების გადაცემის წინააღმდეგი იყო, ხოლო 29% - მომხრე, რაც ბოლო გამოკითვის შედეგების თითქმის იდენტურია. კანცლერმა ოლაფ შოლცმა არაერთხელ განაცხადა, რომ CDU/CSU-ის, „მწვანეებისა“ და „თავისუფალი დემოკრატიული პარტიისგან“ განსხვავებით, უკრაინისთვის „ტაურუსების“ გადაცემას არ ემხრობა. „თუმცა, ამის მიუხედავად, გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ყველაზე დიდი ევროპელი მხარდამჭერია“, - ამბობს შოლცი.

კვლევა ARD-DeutschlandTrend-ის დაკვეთით ჩატარდა

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ინსტიტუტმა Infratest dimap-მა, Ard-deutschlandtrend-ის დაკვეთით 2024 წლის 18-დან 20 ნოემბრამდე ჩატარებული ბოლო კვლევის ფარგლებში, გერმანიაში 1318 ამომრჩეველი გამოკითხა (782 სატელეფონო, ხოლო 536 - ონლაინ გამოკითხვის გზით).