ავტომწარმოებელმა Porsche-მ ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კომპანია ელექტრომობილების ბატარეებს გადაამუშავებს და დატესტავს, რამდენად შეიძლება მათი გამოყენება ახალ ელექტრომობილებში.
საპილოტე პროგრამას ავტომწარმოებელი სამ ეტაპად ახორციელებს.
Porsche-ს მიერ ელექტრომობილების ბატარეების გადამუშავების ტექნოლოგიის დახვეწა ელექტრომობილებს ცირკულარული ეკონომიკის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
პირველ ჯერზე ელექტრომობილების ბატარეები “შავ მასად” დაქუცმაცდება, რომელიც პლასტმასას, ნიკელს, კობალტს, მანგანუმსა და ლითიუმს აერთიანებს.
Porsche-ს მენეჯმენტის ცნობით, კომპანიამ უკვე აწარმოა 65 ტონა “შავი მასა”.
მეორე ეტაპზე “შავ მასას” ძვირად ღირებული ელემენტები დაემატება და ხარისხის მიხედვით ხარისხდება. წარმოების ბოლო ეტაპზე Porsche რეციკლირებული მასალების გონივრულ რაოდენობას ტესტავს, თუ რამდენად მოერგება ახალი კომპონენტი რეალურ ავტომობილებს.
ტექნოლოგიურად ელექტრომობილის ბატარეებში შემავალი ელემენტების დაშლა გაცილებით უფრო რთული და ძვირია, ვიდრე მათი თავიდან წარმოება. ამიტომ, ჯერ კიდევ უცნობია, რა შედეგს გამოიღებს მათი კვლევის მესამე ეტაპი.
Porsche იმედოვნებს, რომ ცირკულარული ეკონომიკის პირობებში, მაღალი ძაბვის ბატარეებისგან მიღებული ძვირად ღირებული ელემენტები საკმარისად კარგი ხარისხის იქნება იმისთვის, რომ კომპანიამ ისინი კვლავწარმოებაში ჩააბრუნოს. ეს ავტომწარმოებელს დაეხმარება, შეამციროს იმ მასალების შესყიდვა, რომელსაც Porsche, კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით, გეოპოლიტიკურად არასტაბილური ბაზრებიდან მოიპოვებს.